თუ თვალს გადავავლებთ სივრცითი ორგანიზების პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნა პოსტ-საბჭოთა საქართველოში, დავინახავთ რომ სირთულე ნაწილობრივ მომდინარეობს საზოგადოების მხრიდან სივრცის ზედაპირული ხედვიდან და გარდამავალ ხანაში მისი მნიშვნელობის არასწორად შეფასებიდან. თემა, რომელსაც გთავაზობთ ძალიან ფართეა და საჭიროებს დაბეჯითებით შესწავლას და გაანალიზებას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება, რომელიც ამ საკითხის გარშემო გამაჩნია.
ისტორიის მანძილზე სივრცე ყოველთვის იყო ფილოსოფიური მსჯელობის საგანი. სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობები მას განიხილავდნენ განსხვავებული თეორიული პერსპექტივებიდან. ანრი ლეფევრი (1901-1991) იმ პირველ მოაზროვნეთაგანი იყო რომელიც შეეცადა სივრცის იდეის გათავისულებას განყენებული ფილოსოფიური ჩარჩოებისგან. მან უარყო ტრადიციული ფილოსოფიისგან მემკვიდრეობით მიღებული და მის თანადროულ მოაზროვნეთა (დერიდა, ბართი, ფუკო) ნაშრომებში დამუშავებული ”ფილოსოფიური” ანუ ”მენტალური” სივრცის იდეა და აჩვენა მისი ყოველდღიური რეალობისგან გაუცხოვების ტენდენცია. თავის ერთ ერთ ყველაზე გავლენიან და რადიკალურ ნაშრომში ”სივრცის პროდუქცია” მან წარმოაჩინა სივრცე, როგორც სოციალური პროდუქტი. იგი შეეცადა საფუძველი ჩაეყარა სივრცითი მეცნიერებისთვის, რომელიც თავს მოუყრიდა დომინანტური კულტურის მიერ სხვადასხვა დარგებად იზოლირებულ ცოდნას და ერთიანი თეორიის (unitary theory) საფუძველზე შეძლებდა სოციალური სივრცის პერსპექტივიდან ამ სივრცის შემქმნელი საზოგადოების ანალიზს. ამასთან ერთად მან აჩვენა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების, მისთვის დამახასიათებელი წარმოების მეთოდების და მის მიერ წარმოებული სივრცის მჭიდრო ურთიერთკავშირი და განსაზღვრა მათი ურთიერთქმედების თეორიული საფუძვლები.
სხვადასხვა მკვლევარების მიერ ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილებიდან ნათელია, რომ სოციალური სივრცის აღქმა შეუძლებელია მისი შემადგენელი სხვადასხვა ნაწილების განყენებულად კვლევით. ჩანს რომ თუ გვინდა ჩავწვდეთ სივრცისთვის მახასიათებელ კომპლექსურ ბუნებას აუცილებელია გარკვეული მთლიანობის ხედვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ”მეტანარატივის” არსებობა. ეს დაგვეხმარებოდა ერთიანობაში მოგვექცია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები, მათთვის დამახასიათებელი სივრცით-დროით ჩარჩოებთან ერთად და გავყოლოდით სოციალური სივრცის პროდუქციის თანმიმდევრულ თეორიულ ხაზს. ასეთი ერთიანი მეთოდით ჩატარებული ანალიზი დაგვეხმარებოდაა დაგვენახა პროცესები სივრცის ფორმალური სახის მიღმა და გაგვეხსნა დისკურსი არა მხოლოდ მისი ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, არამედ მისი მაფორმირებელი ლატენტური პროცესების გარშემო, გვემსჯელა იმის შესახებ, თუ როგორი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე ამ ორი მხარის ურთიერთქმედებას.
მაშ ასე, რა არის ის ძალები რაც აყალიბებს სოციალურ სივრცეს, როგორც მთლიანობას? თუ მოკლედ გადავხედავთ ისტორიულ განვითარებას, დავინახავთ რომ მომთაბარე ტომების ერთ ადგილას დასახლებას უმთავრესად პროდუქციის პროცესი განაპირობებდა, რაც გულისხმობდა ნოყიერ ან ბუნებრივი რესურსებით მდიდარ მიწებზე ხანგრძლივი დროით დასახლების აუცილებლობას. პროდუქტების აკუმულირებამ და თემებს შორის გაცვლა-გამოცვლამ ან მათ შორის რესურსების ძალადობრივმა მითვისებამ მმართველი კლასების წარმოქმნა გამოიწვია, რომლებიც მალე წარმოების საშუალებებს და სამხედრო ძალაუფლებასაც დაეპატრონენ. დროთა განმავლობაში ასეთ სივრცეებში მოსახლეობის და დოვლათის აკუმულაცია დაჩქარდა, რამაც პირველი ურბანული ფორმები წარმოშვა. დომინანტური წარმოების ფორმები და წარმოებითი ურთიერთობები განსაზღვრავდენენ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესებს, რომლთაც თავის მხრივ პირდაპირი გავლენა ჰქონდათ საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების და შრომის სივრცით ორგანიზაციაზე. მეორეს მხრივ, ამა თუ იმ საზოგადოების სპეციფიკური სივრცითი სტრუქტურა ყოველთვის ემსახურებოდა მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთკავშირი უფრო და უფრო კომპლექსური გახდა, წარმოების ფორმების ცვლა სოციო-სივრცითი ფორმების რე-ორგანიზაციასაც განაპირობებდა.
ამ მოკლე და ზედაპირული მიმოხილვიდანაც კი ჩანს რომ სივრცე საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სამ განზომილებიანი გამოსახულებაა. როგორც ვიცით, ეს პროცესები დინამიურია და დროში ცვალებადი, აქედან გამომდინარე შეუძლებელია სივრცის, როგორც განყენებული, სტატიკური ობიექტის დანახვა. პირიქით, ის უნდა იქნეს აღქმული, როგორც განგრძობითი პროცესი, მჭიდროდ დაკავშირებული იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოსთან, სადაც ის იქმნება. კიდევ ერთი მარტივი მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ოჯახის ძირითადი სივრცითი ჩარჩო - საცხოვრებელი სახლი, რომლის სივრცეც პროცესებთან მიმართებაში უწყვეტ მოდიფიკაციას განიცდის. თუ დავაკვირდებით სოფლად არსებულ საგვარეულო სახლებს, დავინახავთ თუ როგორ იცვლებიან ისინი ოჯახის ზრდასთან ერთად, იყოფიან ძმათა გაყრის შემდეგ, ცვლიან სამეურნეო სივრცეებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფორმებისა და საშუალებების ცვლასთან ერთად, იღებენ დომინანტური კულტურის გავლენებს და ა.შ.
სივრცის სწორი ანალიზისთვის ასევე მნიშვნელოვანია ანთროპოლოგ დევიდ ჰარვის მიერ ანრი ლეფევრის მსგავს თეორიაზე დაყრდნობით განვითარებული სივრცის სამმაგი ხედვა. თავის წიგნში ”გლობალური კაპიტალიზმის სივრცეები” იგი სივრცეს ყოფს სამ კონცეპტუალურ ჩარჩოდ აბსოლუტური (absolute), ფარდობითი (relative), და ასოციაციური (relational) და განმარტავს მათ შემდეგნაირად:
1. აბსოლუტური არის ფიზიკური სივრცე, რაც იზომება და იწონება, როგორიცაა მიწა, შენობები, ოთახები და ასე შემდეგ. აბსოლუტური სივრცის, აღქმა, გაზომვა და კონტროლი იოლია მისი ბუნებიდან გამომდინარე.
2. ფარდობითი არის სივრცე, სადაც აბსოლუტურ სივრცეში მოცემული დისტანციები ფარდობითია. ეს არის მოძრაობის სივრცე, სადაც მანძილი იზომება ცირკულაციისთვის საჭირო ენერგიით და დროით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ფარდობით სივრცეში, რამდენადაც ის დაკავშირებულია მოძრაობასთან, დროის ფაქტორი დიდ მნიშვნელობას იძენს. ფარდობითი სივრცე ასევე მოიცავს რუკებს და სივრცის სხვა სახის რეპრეზენტაციებს, რომლებიც მას ფარდობით პირობებში გამოხატავენ. ფარდობითობის მიუხედავად ამ სივრცის გაზომვა და კონტროლი კვლავ შესაძლებელია და დამოკიდებულია სპეციფიკურ წესებზე.
3. ასოციაციური სივრცის ასახსნელად ავტორს მოყავს ლაიბნიცის ფორმულირება, რომ პროცესები არ ხდება სივრცეში, არამედ განსაზღვრავს საკუთარ სივრცით ჩარჩოებს. ასოციაციური სივრცე დაკავშირებულია პოლიტიკასთან და სიმბოლოებთან, მოგონებებთან და გრძნობებთან და მათი გარემოზე ზემოქმედების შედეგებთან. აქედან გამომდინარე მისი გაზომვა და კონტროლი რთულდება. მაგალითად ჰარვის მოყავს ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილი ორი შენობის ტერიტორია და მისი თავიდან დაგეგმარების საქმეში არსებული წინააღმდეგობა, სადაც უძრავი ქონების დეველოპერებს მაქსიმალური მატერიალური სარგებლის ნახვა უნდათ, ხოლო საზოგადოებას 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების გამო ამ ადგილთან სხვა გრძნობები და მოგონებები აკავშირებს და მაშასადამე განსხვავებული მოთხოვნები აქვს.