ბოლო პერიოდში მოხშირდა ქართველი მემარცხენეებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, კრიტიკა ისმის ყველა მხრიდან — ნეოლიბერალური ფლანგიდან, ტექნოკრატებისგან თუ უბრალოდ აპოლიტიკური ჰუმანისტი ხალხოსანი პირებისგან, რომლებიც მოითხოვენ “უბრალო ხალხთან” “უბრალო ენით” ლაპარაკს. ვეცდები მცირე კომენტარი იმ კრიტიკოსების საპასუხოდ, რომლებიც ცდილობენ მემარცხენე აქტივისტების ენის გამოყენების კრიტიკას, პოლიტ ეკონომიური ტერმინების და სხვადასხვა ფილოსოფიური ცნებების გამოყენებას აცხადებენ, როგორც ელიტისტურ და “ანტი-სახალხო” მოვლენად. ვეცდები ავხსნა თუ რატომაა მათი რეაქციული ანტი-ინტელექტუალიზმი ავტორიტარული აზროვნების გამოვლინება და ელიტის ინტერესების გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული გატარება. ვეცდები ისტორიული მატერიალისტური პოზიციიდან დავამტკიცო რომ ენა და აზროვნება არა კლასობრიფი ფორმაციის გარეთ მყოფი მარადიული კატეგორიებია, არამედ საპირსპიროდ ისტორიულ — სოციალური ნაწარმია და მისი სოციალური გადანაწილება დამოკიდებულია არსებულ სოციალურ ფორმაციაზე, რაც ნიშნავს იმას რომ არსებული დანაწილება ენებს შორის ისტორიულია პირობითია დამოკიდებულია კლასობრივი წინააღმდეგობის დინამიკაზე. ეს ერთგვარი “ანტი-ინტელექტუალიზმი” კვებავს პოპულიზმს და წარმოადგენს არსებული ავტორიტარული წესრიგის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და კვლავწარმოებას.
კრიტიკოსების პოზიცია ნამდვილად არაა ახალი, და ის ინდუსტრიული კაპიტალის გამოძახილია, როდესაც საზოგადოებრივი წარმოება (კაპიტალისტური დაგროვების სპეციფიური ეტაპი, რომელსაც ფორდისტულ ეკონომიკას ვუწოდებთ) ემყარებოდა ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის მკვეთრ დანაწილებას, ცოდნის მკვეთრ პოლარიზაციას, რომელშიც ერთის მხრივ მშრომელს უწევს “გასაგნებული ინტელექტის” (საწარმოო ინსტრუმენტის, მანქანის) უბრალო დანამტი გახდეს და უწევს შეასრულოს მექანიზირებული სამუშაო. ეს პოლარიზაცია კაპიტალისტური თვალთახედვიდან ბუნებრივი აუცილებლობაა, თუმცა ცოდნის დანაწილების პირობითობა, რომელიც სამუშაო ძალაზე კონტროლს ემსახურება დაინგრა მუშათა კლასის ცოდნით, რაც გამოიხატება მათ შესაძლებლობაში გაეჩერებინათ წარმოების ციკლი, შეენელებინათ მანქანის მუშაობა, აეღოთ კონტროლი წარმოებაზე, ეს ცოდნა კი არა უბრალოდ ტექნიკური ცოდნაა არამედ მუშათა კლასის “პოლიტიკური ცოდნაა” (პაოლო დო ) , რომელიც არღვევს კაპიტალისტური დანაწილების სპეციფიურ წესს და ააშკარავებს, რომ დანაწილება არა აუცილებლობით განსაზღვრული ფენომენია არამედ მმართველი კლასის მიერ სამუშაო ძალის კონტროლის მექანიზმი და აკუმულაციის რეჟიმი . იმდროინდელი ბურჟუა იტყოდა რომ მუშის საქმე არაა წარმოების მართვა არამედ ფიზიკური შრომის შესრულება დღევანდელი ბურჟუა კი იტვის საზოგადოების დაბალმა ფენებმა არ უნდა ისაუბრონ პოლიტიკაზე, ამისთვის ექპპერტები არსებობენ და ა.შ.
არ არსებობს რაიმე მატერიალისტური , ნატურალისტური, ობიექტური არგუმენტი იმისთვის რომ ენა არსებობს “ზოგადად”, მისი მარადიული დანაწილებით (ინტელექტუალური, გლეხური და სხვა) სამაგიეროთ არსებობს კონკრეტული ისტორიული კლასობრივი საზოგადოება კაპიტალისტური დანაწილების სისტემით, რომელიც ცდილობს ეს დანაწილება გაამარადიულოს როდესაც მსგავსი დანაწილება ისტორიულია, სოციალურია და არც ენას გააჩნია არსებობა ადამიანის, ადამიანური ისტორიის გარეშე . არ არსებობს ცნება მატერიალური ურთიერთობების გარეშე, არ არსებობს იდეოლოგია მატერიალიზაციის გარეშე.
არსებობს მოცალეობის პრობლემა პრეკარიატისთვის და დღევანდელი პროლეტარიატისთვის, თუმცა მოცალეობა ამოვსებულია ბურჟუა დროის მენეჯმენტით, სახელმწიფო იდეოლოგიური აპატარებით და კორპორატიული მედიით რომელიც თავისუფალ დროს გეგმავს საკუთარი კულტურული და მატერიალური რეპროდუქციისათვის ინფრომაციის, განათლების, მარკეტინგის თუ მარკეტინგული პოლიტიკის საშუალებით. სწორედ ამის გამო პოლიტიკური ენა (არა ტექნოკრატიული პოლიტიკური არამედ პოლიტიკური კლასობრივი გაგებით) ხდება უცხო. პრობლემა არის ის რომ ლიბერალური ჰეგემონია და კულტურული ინდუსტრია ახდენს საზოგადოებასთან ურთიერთობის მონოპოლიზაციას და ახდენს მის მომხმარებლური, ბურჟუა-მორალისტურ სტიმულირებას. პარალელურად კი ახდენს “უბრალო ენის” კონსტრუირებას და გავრცელებას. რასაც ჩვენ უბრალო ენას ვუწოდებთ ელიტის მიერ ნაწარმოები ენაა და მის ორგანულობაზე და ბუნებრივობაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ვატარებთ ბურჟუა პოლიტიკას, რომლისთვისაც მთავარია სამყარო დაგვანახოს არა დიალექტიკურად არამედ გაჩერებულად და გაამარადიულოს არსებული სიტუაცია. ამ დანაწილების წახალისება და ნატურალიზაცია ყველა შემთხვევაში რეაქციულია რადგან ემსახურება არსებული წესრიგის კვლავწარმოებას.
ენით ჩვენ ვახერხებთ ამა თუ იმ სოციალური ფენომენის დეტერმინაციას და მისი ამათუ იმ სახით წარმოჩენა უშუალოდ მოქმედებს პოლიტიკურ პროცესებზე, მაგალითად როდესაც სოციალური უკმაყოფილება საუბრობს “უბრალო ენით” სოციო ეკონომიკური უსამართლობის დროს, ხდება პრობლემის და მისი ახსნა კულტურულიზირებული, ნაციონალისტური ან სხვა სახის დეპოლიტიზირებული ენით, საბოლოო ჯამში იმარჯვებს ის ვინც აწარმოებს სოციალურის დეტერმინაციას ანუ ელიტა. მაგალითად მთლიანი ქართული პოლიტიკა და წინააღმდეგობრივი მოძრაობები მოწამლულია ეკონომიური და ძალაუფლებირივ პრობლემების კულტურულიზებული დეპოლიტიზირებული და ბარტისეული გაგებით ბურჟუაზიული მითიური დეტერმინაციით, რაც ნიშნავს იმას რომ სიღარიბე ავხსნათ ხალხის სიზამრაცით ან დეფიციტით,როდესაც საწარმოო იარაღები მითვისებულია და რესურსები კი კერძო აპრორიაციის რეჟიმშია, ექპლუატაცია ავხსნათ უცხოელი ინვესტორის (კაპიტალის მისტიფიცირებული გაპიროვნება) და არა კაპიტალის ბატონობით, ეკოლოგიურ პრობლემებს შევეწინააღმდეგოთ წვრილ–ბურჟუაზიული მომხმარებლური ეკო–ეთიკით, ეკო–ნაციონალიზმით და განზე დავტოვოთ რესურსების პრივატიზაცია და “საერთოს” ექპლუატაცია.
ძირითადი არგუმენტი კრიტიკოსების მხრიდან მდგომარეობს ამბობს იმას, რომ არსებობს “უბრალო ხალხი” როგორც მოცემულობა, რომელსაც გააჩნია განსაზღვრული ადგილი სოციალურ სისტემაში და უნდა გააჩნდეს განსაზღვრული სასაუბრო ენაც, რომელსაც “უბრალო ენას” უწოდებენ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს ენა იმისთვის რომ გავარკვიოთ მისი პოლიტიკური დანიშნულება. რადგანაც ენა და ცნებები როგორც სოციალური, მატერიალური წინააღმდეგობრივი ურთიერთობების ინტერპრეტაციები ვერ იქნება ნეიტრალური. საქმე კი ისაა თუ რომელი ინტერპრეტაცია და სოციალური დეტერმინაცია გასოციალურდება, მისტიფიცირებული ენა, რომელიც სახალხოა მაგალითად (საქართველოს გაუმარჯოს შეძახილი, ეფექტურობა, პროგრესი, და აშ. რომელიც თავისი არსით პოლიტიკურისგან და კლასობრივიგან დისტანცირებაა) თუ ენა რომელიც წინ წევს წინააღმდეგობრივ ურთიერთობებს. მაგალითად როდესაც ვიყენებთ სიტყვას “ზედმეტი ღირებულება” ნაცვლად მოგებისა, ჩვენ ვგულისხმობ პროცესს სადაც სპეციფიურად კაპიტალისტურ ურთიერთობას აქვს ადგილი და მისი გამოყენებით ვკეტავთ ფენომენის სხვანაირი სახით ინტერპრეტაციას, ვგულსიხმობთ რა მასში კლასობრივ ურთიერთობებს, რითაც ჩვენ უარს ვამბობთ პრობლემის ასახსნელად სხვა ფენომენს მივანიჭოთ უპირატესობა მაგალითად ჰუმანისტური მორალიზაციას, რომლითაც ხშირად ლიბერალები გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ.
“უბრალო ენის” გამოყენებით ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ კლასობრივი ურთიერთობები რადგანაც კლასობრივი ურთიერთობა წინ უსწრებს მის ენობრივ თეორიტიზებას და ქმნის სპეციფიურ თეორიტიზირების აუცილებლობას, რომლის არ გამოყენების შემთხვევაში ვერ მოხდება ამ ურთიერთობის თანმიმდევრული ახსნა.
უბრალო ენაზე ლაპარაკი როგორც მასების პოლიტიკური აზროვნებისგან ჩამოცილება ეთანაბრება პოლიტიკურ დანაწილებას, რომლითაც მასები გამოყოფილნი არიან პოლიტიკის წარმოებიდან.
დღევანდელ ეპოქაში როდესაც სახეზე გვაქვს აკადემიის სიკვდილი (როგორც ტერიტორიალური განსაზღვრულობა განათლებისთვის) “უბრალო ენაზე” საუბარი როგორც ხალხის აუცილებელ ატრიბუტზე რეაქციულია, ხოლო პროგრესული პოზიცია მოითხოვს ენის არსებული დანაწილების მექანიზმების, კოლექტიური სუბიექვიზაციის წარმოების ძალაუფლებრივი წყაროების (მედია, სახელმწიფო იდეოლოგიური აპარატები და ა.შ) კრიტიკას და არა არსებული რეალობის გამარადიულებას, ეს კი პირდაპირ კავშირშია მასების პოლიტიკაში ჩართვასთან, რადგანაც მასების პოლიტიკიდან გამოცალკევებიდან გამომდინარეობს ენობრივი დეფიციტი. როგორც ჩანს ერთადერთი გზა ინტეგრირებული პოლიტიკურად მოტივირებული საგანმანათლებლო სოციალური მოძრაობებია, რომლებიც მოახერხებენ პოლიტიკური ენის ფართო სოციალურ ჯგუფებში შეტანას პოლიტიკური აქტივიზმის მეშევეობით, ყველაზე მეტად კი ელიტას მასების პოლიტიკურად ამეტყველების ეშინია. ჩვენ უნდა შევწინააღმდეგოდ ელიტისტურ იდეას თითქოს ფილოსოფია ან ინტელექტუალური აქტი როგორღაც უმრავლესობისათვის შეუძლებელია, და პირიქით ვიბრძოლოთ იმისთვის დავიბრუნოთ ენა რომელიც საერთო ნაწარმია .
No comments:
Post a Comment