შრომის პროცესი და ვალორიზაცია. (ნაწილი პირველი)


“შრომის პროცესი არის მიზანმიმართული მოქმედება სახმარ ღირებულებათა შესაქმნელად, ბუნების მონაცემის მითვისება ადამიანის მოთხოვნილებისთვის,  საყოველთაო პირობა ნივთიერებათა ცვლისა ადამიანსა და ბუნებას შორის, მარადიული ბუნებრივი პირობა ადამიანების ცხოვრების და, მაშასადამე, იგი დამოუკიდებელია ცხოვრების ამა თუ იმ ფორმისგან, ანდაც პირიქით, საერთოა მისი ყველა საზოგადოებრივი ფორმისთვის.” -  მარქსი. კაპიტალი ტომი პირველი
მარქსი რათქმაუნდა აქ მიმართავს აბსტრაქციის მეთოდს, ის ახასიათებს შრომას როგორც ადამიანსა და ბუნებას შორის აუცილებელად ნაგულისხმევ ინტერაქციას , მისი ისტორიული და სოციალური ფორმისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ შრომა ყოველთვის კონკრეტულია და მოცემულია სოციალურ   ფორმაციებში ის განსხვავდება წარმოების წესით, წარმოებით ურთიერთობებით დისტრიბუციით და სხვა ფაქტორებით. . მარქსი მიმართავს ამ მეთოდს იმისათვის, რომ გამოაცალკევოს და შემდგომში შრომა როგორც აუცილებლობა კონკრეტულად კაპიტალისტური ისტორიული შრომის პროცესისგან, რომელიც შრომის პროცესში ვალორიზაციის პროცესის ჩართვის აუცილებლობას  გულისხმობს. ამ გაყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ბურჟუაზიული ფლანგის ეკონომისტები და აპოლეგეტები ხშირად აიგივებენ შრომას ზოგადად მის კაპიტალისტურ ფორმასთან, რითაც შრომის სოციალურ დეკონტექსტუალიზაციასა და მისი კაპიტალისტური ფორმის აისტორიულ გაგებას გვთავაზობენ. შრომის კაპიტალისტური დაქვემდებარება ისტორიული (სხვათაშორის სისხლიანი ) მოცემულობაა,  რომელიც თვისობრივად განსხვავებულია სხვა ეპოქების წარმოებისა და  დისტრიბუციის ფორმებისგან: ამ პროცესის გენეზისი მარქსს აღწერილი აქვს “პირვანდელი დაგროვების” თეორიაში. ამ მხივ მნიშვნელოვანია მარქსის “ფორმალური და რეალური დაქვემდებარების  თეორიებიც*.
მაშ ასე რა ძირითადი მახასიათებლები გააჩნია აბსტრაქტულ შრომას მის კონკრეტულ კაპიტალისტურ დაქვემდებარებაში :
  • მშრომელი შრომობს კაპიტალისტის კონტროლის ქვეშ, რომელსაც მისი შრომა ეკუთვნის.
  • პროდუქტი კაპიტალისტის საკუთრებაა და არა მისი უშუალო მწარმოებლის
  • სახმარი ღირებულებები მხოლოდ იმიტომ და იმდენად იწარმოება, რამდენადაც და რადგანაც იგისაცვლელი ღირებულების მატარებელი მატერიალური სუბსტრატია
  • კაპიტალისტური მბრძანებლობის ქვეშ, მუშა შრომობს იმაზე მეტს ვიდრე ეს საკუთარი რეპროდუქციისთვისაა საჭირო, “ეს განსხვავება კაპიტალისტის თავში იყო იმ დროს სანამ იყიდდა სამუშაო ძალას”
  • პირვანდელი შრომით, ობიექტივიზირებული “მკვდარი შრომა” (მანქანა დანადგარება, წარმოების საშუალებები) იქცევა კაპიტალად “ცოცხალი შრომის” (სამუშაო ძალა) მიერ შესრულებული ვალორიზაციის პროცესის მეშვეობით, რომელშიც ღირებულება ახდენს საკუთარი თავის ვალორიზებას (ანუ თვითზრდას).თუკი შრომა არ ამატებს ღირებულებას დამსაქმებელიც ვერ გააკეთებს ფულს ამისგან, და მისთვის შრომა მხოლოდ დანახარჯი იქნება.  “იმით, რომ კაპიტალისტი ფულს ისეთ საქონლად აქცევს, რომელიც ახალი პროდუქტის შემქნელ ნივთიერ ფააქტორს, ანუ შრომის პროცესის ფაქტორს, წარმოადგენს, იმით, რომ საქონლის მკვდარ საგნობრიობას ცოცხალ სამუშაო ძალას უერთებს, - იგი  წარსულ, გასაგნობრივებულ, მკვდარ შრომას აქცევს კაპიტალად, თვითმზარდ ღირებულებად…” -კაპიტალი ტომი 1
ვალორიზაციის პროცესი წარმოადგენს შრომის პროცესის კაპიტალისტურ ფორმას რომელიც აუცილებელია კაპიტალის მთავარი ფორმულის შესრულებისთვის ფ-ს-ფ’ (ფული საქონელი ნამატი ფული, ზედმეტი ღირებულება).  ყველა სახის შრომის პროცესი თავისთავად არაა ვალორიზაციის პროცესი, საკვები თავისთავად არაა საქონელი ისევე როგორც შრომის საშუალებები და ფული თავის თავში და თავისთავად არაა  კაპიტალი. ისინი ასეთებად იქცევიან მხოლოდ კონკრეტულ სოციალურ მოცემულობებში და სხვა ფენომენებთან კონკრეტულ ურთიერთმიმართებებში. მნიშვნელოვანია დავინახოთ  ჰეგელისეული ლოგიკა, მარქსის მსჯელობაში - ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე დასკვნის გამოტანა საგნიდან თავისთავად (ამ შემთხვევაში შრომის პროცესისგან), მაგალითად ტანსაცმლის ქსოვა თავისთავად არაფერს გვეუბნება მის პროდუქტიულობაზე თუ არაპროდუქტიულობაზე, ამიტომაც რომ ვუპასუხოთ ამ კითხვას, ჩვენ** უნდა შემოვიყვანოთ სხვადასხვა პრეკონდიციები, არაპროდუქტიული*** პროცესები და ერთიანობაში, ურთიერმიმართებებში გავაანალიზოთ ისინი.
საქონლის წარმოების პროცესი
“როგორც თვით საქონელი სახმარი ღირებულებისა და ღირებულების ერთიანობაა, ასევე მისი წარმოების პროცესიც შრომის პროცესისა და ღირებულების შექმნისა და შრომის პროცესების ერთიანობა უნდა იყოს”. კაპიტალი 
* ინგლისურად - "Formal and Real Subsumption”
** პროდუქტიული შრომა კი კაპიტალისთვის მხოლოდ ის შრომაა რომელიც აწარმოებს ზედმეტ ღირებულებას, სადაც სახმარი ღირებულება როგორც ზემოთ ვთქვით მხოლოდ მატერიალური ან არამატერიალური სუბსტარტაა მისთვის. მაგალითად კაპიტალისთვის გლეხის შრომა, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის ან ოჯახის კვლავწარმოებას ემსახურება წარმოადგენს არაპროდუქტიულ შრომას. 
***  იგულისხმება რეპროდუქციული შრომა, რომელიც უშუალოდ არ აწარმოებს ღირებულებას, თუმცა თავისი არსით ის შრომაა.

No comments:

Post a Comment

Printfriendly