წიგნის გადმოსაწერილი ბმული
"მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების (ნებისმიერ დონეზე, სკოლაში თუ მის გარეთ) ყურადღებით შესწავლისას კარგად ჩანს, რომ ეს ურთიერთობები ძირითადად ნარატიულია. ეს ურთიერთობები გულისხმობს მთხრობელს, სუბიექტს, რომელიც ჰყვება (მასწავლებელს), და მომთმენ, მსმენელ ობიექტს (მოსწავლეს). შინაარსი, შეფასებები იქნება ეს თუ რეალობის ემპირიული თავისებურებები, ასეთი თხრობის პროცესში უსიცოცხლო და გაქვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ განათლება დაავადებულია თხრობის დაავადებით”.
"მასწავლებელი რეალობას აღწერს ისე, თითქოს იგი რაღაც უძრავი, სტატიკური იყოს, რომელიც ცალკეული ნაწილებისგან შედგება და პროგნოზირებადია. ანდა მასწავლებელი ეხება (ჰყვება) თემას მოსწავლის რეალური გამოცდილების გაუთვალისწინებლად”.
"მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, აავსოს მოსწავლეები თავისი თხრობის შინაარსით - შინარსით, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და საკმაოდ შორს არის იმისგან, რაც მოსწავლისთვის მშობლიური და ნაცნობია და რაც მისთვის შესაძლოა აღქმადი და შინაარსიანი გახდეს. ამასთან, ამ ნარატიული (თხრობითი) პედაგოგიკის მთავარი თვისებაა სიტყვების კეთილხმოვანება და არა მათი (სიტყვების) გარდამქმნელი ძალა: "ოთხჯერ ოთხი თექვსმეტია. პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი”. მოსწავლე იწერს, იმახსოვრებს და იმეორებს ამ ფრაზებს და არ ესმის, სინამდვილეში რას ნიშნავს "ოთხჯერ ოთხი”, ვერ გაიაზრებს სიტყვა "დედაქალაქის” ჭეშმარიტ მნიშვნელობას წინადადებაში: "პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი”, ანუ რას ნიშნავს ქალაქი ბელემი პარას პროვინციისთვის და რას წარმოადგენს პროვინცია პარა სრულიად ბრაზილიისთვის”.