ნეგრი და ჰარტი |
ჩვენს წიგნში გთავაზობთ იმპერიის კონცეპტს, რომელმაც უნდა აღნიშნოს გლობალიზაციის პოლიტიკური ფორმა. ჩვენი ძირითადი კითხვაა: რა არის გლობალური წესრიგის პოლიტიკური კონსტიტუცია?
იმპერიას ჩვენ ვიყენებთ - სუვერენიტეტის, პოლიტიკური მმართველობის ახალი ფორმის აღსანიშნავად. ბევრი ამტკიცებს, რომ კაპიტალისტური წარმოებისა და გაცვლის გლობალიზება ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკური კონტროლისგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას, შედეგად კი პოლიტიკური სუვერენიტეტის დასუსტებას. ზოგი მიესალმება ამ ახალ ერას, როგორც პოლიტიკური ძალების მიერ გამოწვეული შეზღუდვებისა და დეფორმაციებისგან კაპიტალისტური ეკონომიკის გათავისუფლებას; სხვები კი ჩივიან, რომ იხურება ის ინსტიტუციური არხები, რომლითაც მუშებს და მოქალაქეებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ან შეეწინააღმდეგონ კაპიტალისტურ, მოგების პრინციპის ცივ ლოგიკას. ცხადია, რომ გლობალიზაციის პროცესების კვალდაკვალ, ერი სახლმწიფოების სუვერენულობა თანდათანობით სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი როლი კვლავ მნიშვნელოვანია. წარმოებისა და გაცვლის ძირითადი ფაქტორები - ფული, ტექნოლოგიები, ხალხი და საქონელი - უფრო და უფრო მარტივად კვეთენ ნაციონალურ საზღვრებს. აქედან გამომდინარე, ერი სახელმწიფოებს აქვთ უფრო და უფრო ნაკლები ძალა იმისათვის, რომ არეგულირონ ეს დინებები და ეკონომიკაზე განახორციელონ ძალაუფლება. ყველაზე დომინანტი ერი სახელმწიფოებიც კი აღარ უნდა მივიჩნიოთ უმაღლეს და სუვერენულ ავტორიტეტებად, არც საზღვრებს გარეთ და არც მათ შიგნით. თუმცა, ერი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დასუსტება არ ნიშნავს სუვერენიტეტის, როგორც ასეთის დასუსტებას! თანამედროვე ტრანსფორმაციების პროცესში, პოლიტიკური კონტროლი, სახელმწიფო ფუნქციები და რეგულაციის მექანიზმები აგრძელებენ ეკონომიკური და სოციალური წარმოებისა და გაცვლის სფეროების მართვას. აქედან, ჩვენი ფუნდამენტური ჰიპოთეზაა, რომ სუვერენიტეტმა ახალი ფორმა მიიღო, რომელიც შედგენილია ნაციონალურ და ზენაციონალურ ორგანიზმთა წყებების გაერთიანებით მმართველობის ერთი ლოგიკის ქვეშ. სუვერენიტეტის ამ ახალ გლობალურ ფორმას ჩვენ იმპერიას ვუწოდებთ.
ჩვენ უარვყოფთ ორ ჰიპოთეზას:1 რომ არსებობს ერთი ცენტრი, რომელიც ქმნის გლობალურ წესრიგს და მართავს მსოფლიოს: ვაშინგტონი, ნიუ იორკი, ჟენევა, ტოკიო (შეთქმულების თეორია);
2 რომ გლობალური წესრიგი სპონტანურად წარმოიქმნება გლობალური გაცვლების ანარქიული ურთიერთქმედებისა და საბაზრო ძალებისგან (უხილავი ხელი) - ხოლო აქედან გამომდინარე არ არსებობს გლობალური წესრიგი, მხოლოდ ეკონომიკური დინამიკა, რომელმაც საბოლოოდ გაითავისუფლა თავი ერი სახელმწიფოების რეგულირებისგან და ყველა სხვა პოლიტიკური დაბრკოლებისგან.
ამ ორ უკიდურესობას შორის ჩვენ ვცდილობთ წავიკითხოთ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი, როგორც შერეული კონსტიტუცია. შერეული კონსტიტუცია არის ტერმინი, რომელსაც პოლიბიუსი იყენებდა ანტიკური რომის იმპერიის აღსაწერად (და სადიდებლად). პოლიბიუსის თანახმად, ანტიკური რომის იმპერიას შერეული კონსტიტუცია ჰქონდა იმ გაგებით, რომ ერთი კონსტიტუცია მოიცავდა მმართველობის სამ ძირითად ფორმას: მონარქიას, არისტოკრატიასა და დემოკრატიას. სხვა სიტყვებით, იმპერიაში მონარქიული, არისტოკრატიული და დემოკრატიული ძალები ერთად ფუნქციონირებენ.
დღეს, ხანდახან გვგონია, რომ არსებობს ერთი მონარქიული ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს: მაგალითად სპარსეთის ყურის ომის დროს, გვეგონა, რომ პენტაგონი იყო მონარქიული ძალა, სხვა დროს ამ სახით IMF გვევლინება, შემდეგ შეიძლება ჰოლივუდიც კი მოგვეჩვენოს. მეორე მხრივ, ხანდახან ჩანს, თითქოს მსოფლიოს არისტოკრატული ძალები მართავენ. არა ერთის, არამედ რჩეულთა მმართველობა. ამ გაგებით ტრანსნაციონალური კორპორაციები არისტოკრატიულები არიან, ისევე, როგორც ხშირად ერი სახელმწიფოები. ბოლოს კი, არსებობენ „დემოკრატიული“ ძალები, რომლებიც სულ მცირე, იმას მაინც ამტკიცებენ, რომ ხალხს წარმოადგენენ. ერი სახელმწიფოები ხშირად ასრულებენ ამ როლს გლობალურ სცენაზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო და კომპლექსური დემოკრატიული ძალები იმპერიაში მაინც ენჯეოები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, შერეული კონსტიტუციის თეორია საშუალებას გვაძლევს ყველა ეს ძალა დავინახოთ ერთ, ჰარმონიულ გლობალურ კონსტიტუციაში, მაგრამ ეს არ გვაიძულებს ვამტკიცოთ, რომ ეს ძალები ჰომოგენურები და ერთმნიშვნელოვანები არიან. შერეული კონსტიტუციის თეორია არის განსხვავების თეორია კონსტიტუციაში, რომელიც ძალთა სხვადასხვაგვარ დაყოფებს, ერთი წესრიგის ჩარჩოში უშვებს. თანამედროვე იმპერიის, როგორც შერეული კონსტიტუციის შესახებ ჩვენი იდეისთვის, გამოწვევაა იმის აღმოჩენა, თუ რანი არიან ეს მრავალგვარი ძალები და როგორ ურთიერთქმედებენ და თანხმდებიან ერთმანეთში, ან დომინირებენ ერთმანეთზე მორიგებითა და კონფლიქტით. ეს რთული ნაწილია. შერეული კონსტიტუცია მხოლოდ პრობლემის სახელდებას ახდენს; რეალურად ის არ აღწერს მართვის დინამიკას. მაგრამ ვიმედოვნებ, ეს მოგცემთ ჩარჩოსადმი საწყის მიდგომას რომელშიც წარმოგიდგენთ იმპერიას.
ერი სახელმწიფოთა სუვერენულობის დასუსტება, და მათი მზარდი უუნარობა, დაარეგულირონ ეკონომიკური და კულტურული ცვლილებები, ფაქტობრივად, მომავალი იმპერიის ძირითადი სიმპტომებია. ერი სახელმწიფოთა სუვერენიტეტი იმპერიალიზმთა ქვაკუთხედი იყო, რომლებსაც ევროპული ძალები მთელი მოდერნული ეპოქის განმავლობაში ქმნიდნენ. „იმპერია“ ჩვენ გვესმის, როგორც „იმპერიალიზმისგან“ სრულიად განსხვავებული რამ. ერი სახელმწიფოთა მოდერნული სისტემის მიერ დადგენილი საზღვრები ფუნდამენტური იყო ევროპული კოლონიალიზმისა და ეკონომიკური ექსპანსიისთვის: ნაციის ტერიტორიული საზღვრები ადგენდა ძალაუფლების ცენტრს - საიდანაც მმართველობა ხორციელდებოდა - პერიფერიებზე, უცხო ტერიტორიებზე არხთა სისტემებისა და ბარიერების გაშუალებით, რომლებიც ხან ამარტივებდნენ და ხანაც ართულებდნენ წარმოებისა და ბრუნვის დინებებს.
იმპერიალიზმი ევროპული ერი სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაფართოება იყო თავიანთი საზღვრების მიღმა. საბოლოოდ კი, თითქმის მთელი მსოფლიოს ტერიტორიების დანაწევრება და მთლიანად მსოფლიო რუკის კოდირება შეიძლებოდა ევროპულ ფერებში: წითელი ბრიტანეთის ტერიტორიისთვის, ლურჯი საფრანგეთის, მწვანე პორტუგალიის და ა.შ. საიდანაც არ უნდა აეღო საფუძველი მოდერნულ სუვერენიტეტს, მან შექმნა ტრანსცენდენტური ლევიათანი, რომელმაც მთლიანად მოიცვა სოციალური სივრცე და დაადგინა იერარქიული ტერიტორიული საზღვრები, რათა საკუთარი იდენტობის სიწმინდეც ეკონტროლებინა და ამასთანავე გამოერიცხა ყველაფერი ის, რაც მის იდენტობას საფრთხეს შეუქმნიდა.
ლიმიტების გარეშე
იმპერიაში გადასვლა ხდება მოდერნული სუვერენიტეტის დაბინდებისთანავე. იმპერიალიზმის საპირისპიროდ, იმპერია არ ადგენს ძალაუფლების ტერიტორიულ ცენტრს და არ ეყრდნობა უცვლელ საზღვრებსა და ბარიერებს. იგი მმართველობის დეცენტრირებული, მადეტერიტორიალიზებელი აპარატია, რომელიც თანდათანობით იერთებს მთელ გლობალურ სამყაროს საკუთარ ღია, გაფართოების პროცესში მყოფ საზღვრებში. იმპერია ბატონობის მოდულირებადი ქსელებით მართავს ჰიბრიდულ იდენტობებს, მოქნილ იერარქიებსა და მრავალრიცხოვან გაცვლებს. მსოფლიო იმპერიალისტური რუკის მკაფიო ნაციონალური ფერები შეერთდნენ და აირივნენ იმპერიულ გლობალურ ცისარტყელაში.
ხაზს ვუსვამთ, რომ იმპერიას ჩვენ ვიყენებთ, არა როგორც მეტაფორას, რომელიც საჭიროებს მსგავსებების ჩვენებას დღევანდელი სამყაროს წესრიგისა და რომის, ჩინეთის ან ამერიკის იმპერიებს შორის, არამედ როგორც კონცეფციას, რომელიც პირველ რიგში თეორიულ მიდგომას მოითხოვს. იმპერიის კონცეფცია ძირითადად ხასიათდება საზღვრების ნაკლებობით: იმპერიის მმართველობას არ აქვს ლიმიტები.
პირველი, იმპერიის კონცეფცია წარმოგვიდგენს რეჟიმს, რომელიც ფაქტობრივად მოიცავს სივცრულ ტოტალობას ან იმას, რაც მთლიანად ბატონობს „ცივილიზებულ“ სამყაროზე. არანაირი ტერიტორიული საზღვრები არ ზღუდავს მის მეფობას. მეორე, იმპერიის კონცეფცია საკუთარ თავს წარმოადგენს არა რეჟიმად, რომელიც წარმოიშვა დაპყრობებით, არამედ წესრიგად, რომელიც რეალურად წყვეტს ისტორიას და შედეგად მარადიულს ხდის არსებულ მდგომარეობას. იმპერიის პერსპექტივიდან, ეს არის ის, რისი დროც აუცილებლად დადგებოდა და ის, რაც სამუდამოდ იარსებებს. სხვა სიტყვებით, იმპერია საკუთარ მმართველობას ისტორიის მსვლელობაში წარადგენს არა როგორც გარდამავალ მომენტს, არამედ რეჟიმს ტემპორალური საზღვრების გარეშე და ამ აზრით ისტორიის მიღმაა, ან ისტორიის დასასრული.
მესამე, იმპერიის მმართველობა ვრცელდება სოციალური წესრიგის ყველა რეგისტრში, სოციალური სამყაროს სიღრმეებში. იმპერია არა მხოლოდ მართავს ტერიტორიას და მის მოსახლეობას, არამედ ქმნის იმ სამყაროს, რომელშიც არსებობს. ის არა მხოლოდ არეგულირებს ადამიანთა ურთიერთობებს, არამედ პირდაპირ ცდილობს ადამიანის ბუნებაზე გაბატონებას. მისი ბატონობის ობიექტი მთლიანად სოციალური ცხოვრებაა და მაშასადამე იმპერია წარმოადგენს ბიოძალაუფლების პარადიგმულ ფორმას. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის პრაქტიკა მუდმივად სისხლშია გასვრილი, იმპერიის კონცეფცია მოწოდებულია მშვიდობისკენ - მარადიული და საყოველთაო მშვიდობა ისტორიის მიღმა.
მეთოდოლოგიური ასპექტი
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იტალიური პოლიტიკისა და ფრანგული ფილოსოფიის ურთიერთობა, კონკრეტულად კი ოპერაიზმოსა და ავტონომიზმის იტალიურ ტრადიციასა და ჟილ დელეზის ფილოსოფიას შორის. მათ შორის არის კავშირი და ეს კავშირი მეთოდოლოგიურია, ან უფრო სწორად კვლევის აქსიომა. დელეზისთვის სურვილის აქტიურობა და ძალაუფლების რეაქტიულობა აქსიომაა. სხვანაირად, ძალაუფლებასთან მიმართებით, "La résistence est première" [წინააღმდეგობა პირველადია]. წინააღმდეგობა ტემპორალურად და ონტოლოგიურად წინ უსწრებს ძალაუფლებას.
ოპერაიზმო ეფუძნება მარქსის მოსაზრებას, რომ კაპიტალი რეაგირებს მუშათა კლასის ბრძოლაზე. მუშათა კლასი აქტიურია და კაპიტალი რეაქტიული.
ტექნოლოგიური განვითარება: იქ სადაც გაფიცვებია, იქმნება მანქანები. „1830 წლიდან დაწყებული, შეიძლებოდა დაწერილიყო ისეთ გამოგონებათა მთელი ისტორია, რომლებიც წარმოიშვა, როგორც მხოლოდ ბრძოლის საშუალება კაპიტალისა მუშების ამბოხებათა წინააღმდეგ“ (Capital, Vol. 1, Chapter 15, Section 5)
პოლიტიკური განვითარება: ინგლისში საფაბრიკო კანონმდებლობა პასუხი იყო მუშათა კლასის ბრძოლაზე სამუშაო საათების შესამცირებლად. „სახელმწიფოს მიერ მათი ფორმულირება, ოფიციალური აღიარება და გამოცხადება, ხანგრძლივი კლასთა ბრძოლის შედეგი იყო.“ (Capital, Vol. 1, Chapter 10, Section 6)
ოპერაიზმო თავის ფუნდამენტურ აქსიომად იღებს შემდეგ მტკიცებას: მუშათა კლასის ბრძოლა წინ უსწრებს და განსაზღვრავს კაპიტალის შემდგომი რესტრუქტურიზებების მოდელს.
ჩვენ წარმოვადგენთ მეთოდოლოგიის ან აქსიომის მაგალითს სოციალური ბრძოლისა და გლობალიზაციის ურთიერთობაში, ან უკეთ, ბრძოლათა საერთაშორისო ციკლებისა და კაპიტალისტური გლობალიზაციის ურთიერთობაში.
მოწოდება გლობალურობისკენ
ჰეგელთან არშიყით შეიძლება ითქვას, რომ იმპერიის შექმნა კარგია თავისთავად, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის. მოდერნული იმპერიალისტური ძალაუფლებრივი სტრუქტურების მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შედეგი იყო მსოფლიოს ხალხთა ერთმანეთთან დაპირისპირება, მათი მტრულ ბანაკებად ან უკეთ რომ ვთქვათ, მათი უამრავ კონფლიქტურ მხარეებად დაყოფა. დომინანტ ქვეყნებში პროლეტარიატის სეგმენტებს დააჯერეს, რომ მათი ინტერესები ექსკლუზიურად იყო დაკავშირებული ნაციონალურ იდენტობასთან და მათ იმპერიალისტურ ბედთან. ამ მოდერნული ძალაუფლების სტრუქტურების წინააღმდეგ აჯანყებისა და რევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითებად გამოდგება ისინი, რომლებიც ექსპლოატაციის წინააღმდეგ ბრძოლას არსებითად ნაციონალიზმის, კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისგან არ აცალკევებდნენ. ამ მოვლენების მეშვეობით, კაცობრიობა თავისუფლებისკენ საერთო სწრაფვით წამიერად გაერთიანდა და გვეგონა, თითქოს თვალი მოვკარით მომავალს, როცა ბატონობის მოდერნული მექანიზმები ერთხელ და სამუდამოდ განადგურდებოდა. ამბოხებული მასები, მათი სწრაფვა თავისუფლებისკენ, მათი ექსპერიმენტები, შეექმნათ ალტერნატივები და არჩევითი ძალაუფლების ნიმუშები, თავიანთ საუკეთესო მომენტებში ყოველთვის მიუთითებდნენ ნაციონალური, კოლონიალური და იმპერიალისტური მმართველობების მიღმა, ურთიერთობათა ინტერნაციონალიზებასა და გლობალიზებაზე. ჩვენს დროში ეს სურვილი, რომელიც მოძრაობაში სიმრავლემ მოიყვანა, იმპერიის შექმნით დაკმაყოფილდა (უცნაურად და პერვერსიულად, მაგრამ მაინც რეალურად). იმპერიისა და გლობალური ქსელის შექმნა, შეიძლება ითქვას, რომ პასუხია მოდერნული ძალაუფლებრივი მანქანების წინააღმდეგ წარმოებულ სხვადასხვა ტიპის ბრძოლებზე, განსაკუთრებით კი კლასობრივ ბრძოლაზე, რომელსაც ამოძრავებდა სიმრავლის სწრაფვა გათავისუფლებისკენ. სიმრავლემ იმპერია მოძრაობაში მოიყვანა.
ვთქვათ, იმპერია თავისთავად კარგია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი საკუთარი თავისთვისაა კარგი. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიას შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის დასრულებაში, მან შექმნა ექსპლოატაციაზე დამყარებული საკუთარი ძალაუფლებრივი ურთიერთობები, რომლებიც მრავალ ასპექტში, განადგურებულ წინამორბედზე გაცილებით ბრუტალურია. ექსპლოატაციის დიალექტიკის დასრულებას მოდერნულობის დიალექტიკის დასრულება არ მოჰყოლია. დღეს, თითქმის მთელი კაცობრიობა ამა თუ იმ ხარისხით ჩათრეულია ან დამორჩილებულია კაპიტალისტური ექსპლოატაციის ქსელებს. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ის უკიდურესი მდგომარეობა, როცა მცირერიცხოვანი უმცირესობა აკონტროლებს უზარმაზარ სიმდიდრეებს და რადიკალურადაა დაშორებული უკიდურეს გაჭირვებასა და უმწეობაში მყოფი სიმრავლისგან. ჩაგვრისა და ექსპლოატაციის გეოგრაფიული და რასობრივი ხაზები, რომლებიც კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ეპოქაში ჩამოყალიბდა, მრავალ ასპექტში არა თუ დასუსტდა, არამედ შესამჩნევად სწრაფი ტემპებით ფართოვდება.
ამ ყველაფრის აღიარების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვამტკიცებთ, რომ იმპერიის შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯია, იმ გაგებით, რომ ის ანადგურებს წინამორბედი ძალაუფლებრივი სტრუქტურებისადმი ყოველგვარ ნოსტალგიას და უარყოფს ყველა პოლიტიკურ სტრატეგიას, რომელიც ძველ წყობაში დაბრუნებას გულისხმობს, როგორიცაა მაგალითად გლობალური კაპიტალის წინააღმდეგ ერი სახელმწიფოების აღდგენის იდეა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ იმპერია უკეთესია იმავე გაგებით, რითაც მარქსი ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმი ჯობს საზოგადოების წინამორბედ ფორმებსა და წარმოების წესებს. მარქსის ხედვა ემყარება პროვინციული და მტკიცე იერარქიების ჯანმრთელ და აშკარა სიძულვილს, რომელიც წინ უსწრებდა კაპიტალისტურ საზოგადოებას და აგრეთვე იმის აღიარებას, რომ ყოველ ახალ სიტუაციაში იზრდება გათავისუფლების პოტენციალი. შესაბამისად ჩვენ ვხედავთ იმპერიას, რომელიც თავიდან იშორებს მოდერნული ძალაუფლების რეჟიმებს და ამავდროულად ზრდის გათავისუფლების პოტენციალს.
ვაცნობიერებთ, რომ ამ თეზისის წინ წამოწევით, ჩვენ ვცურავთ მემარცხენე მეგობრებისა და ამხანაგების დინების საწინააღმდეგოდ. 1960-იან წლებში დაწყებულმა მემარცხენეობის კრიზისმა, გაბატონებულ და დაქვემდებარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში, კომუნისტური, სოციალისტური და მემარცხენე ლიბერალური აზროვნება აიძულა ეპოვა წინააღმდეგობის ახალი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც აანაზღაურებდნენ ძველი პოლიტიკური სუბიექტების დაკარგვას, ასეთი სუბიექტები კი ნაციონალური და რეგიონული ჯგუფები აღმოჩნდნენ, შესაბაბამისად ახალი პოლიტიკური ანალიტიკა დაეფუძნა ბრძოლათა ლოკალიზების იდეას. ხშირად მსგავსი არგუმენტები „ადგილზე-დაფუძნებული“ მოძრაობების ან პოლიტიკის ცნებებში ყალიბდება, რომელშიც ადგილობრივი საზღვრები (გაგებული იდენტობად ან ტერიტორიად) შეპირისპირებულია არადიფერენცირებული და ჰომოგენური გლობალური ქსელების სივრცესთან. ადრე, მსგავსი პოლიტიკური არგუმენტები ამოდიოდა მემარცხენე ნაციონალიზმის ხანგრძლივი ტრადიციიდან, სადაც (საუკეთესო შემთხვევაში) ერი, უცხოური და/ან გლობალური კაპიტალის ბატონობისგან თავდაცვის ძირითად მექანიზმად აღიქმებოდა. დღეს ეს ოპერაციული სილოგიზმი, რომელიც არასაიმედო მემარცხენე „ლოკალური“ სტრატეგიის გულია, მთლიანად რეაქციულია: თუ კაპიტალისტური დომინირება უფრო და უფრო გლობალური ხდება, მაშინ მასთან ჩვენი წინააღმდეგობებით უნდა დავიცვათ ლოკალური და შევქმნათ ბარიერები კაპიტალის აჩქარებული დინებების შესაკავებლად. ამ პერსპექტივიდან, კაპიტალის რეალური გლობალიზება და იმპერიის კონსტიტუირება უნდა მივიღოთ გაღატაკებისა და დამარცხების ნიშნებად.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი ლოკალისტური პოზიცია მცდარი და საზიანოა, მიუხედავად იმისა, რომ აღტაცებულები ვართ და პატივს ვცემთ მის ზოგიერთ დამცველს. პირველ რიგში, ეს პოზიცია პრობლების არასწორად დასმის გამოა მცდარი. მრავალ დახასიათებაში პრობლემა ეფუძნება გლობალურისა და ლოკალურის მცდარ დიქოტომიას, უშვებს რა, რომ გლობალური გულისხმობს ჰომოგენიზებასა და იდენტობების არადიფერენცირებულობას, ხოლო ლოკალური - ჰეტეროგენიზებასა და დიფერენცირებულობას. ხშირად ასეთ არგუმენტებში ფარულად უშვებენ ლოკალური დიფერენციების ბუნებრიობას ან ყოველ შემთხვევაში მათი წარმოშობის საკითხებს კითხვის ნიშნის მიღმა ტოვებენ. ლოკალური განსხვავებები წინ უსწრებს დღევანდელ სცენას და მაშასადამე აუცილებლად უნდა დავიცვათ გლობალიზაციის შემოჭრისგან. მოცემული დაშვებების გათვალისწინებით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბევრი ლოკალისტი, ტრადიციული ეკოლოგიის ტერმინოლოგიას ითვისებს, ან ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის „ლოკალურ“ პოლიტიკურ პროექტთან ახდენს იდენტიფიცირებას. ეს ხედვა ადვილად შეიძლება გადაიზარდოს პრიმორდიალიზმში, რომელიც ამყარებს და არომანტიულებს სოციალურ ურთიერთობებსა და იდენტობებს. ამის ნაცვლად კი ყურადღება ზუსტად ლოკალურობის წარმოებას უნდა მიექცეს, სხვა სიტყვებით, სოციალურ მანქანებს, რომლებიც აწარმოებენ და კვლავაწარმოებენ იდენტობებსა და დიფერენციებს, რომლებსაც ჩვენ ლოკალურს ვუწოდებთ. ლოკალური დიფერენციები არც წინმსწრებია და არც ბუნებრივი, არამედ წარმოების წესის პროდუქტებია. შესაბამისად გლობალურობა არ უნდა გავიგოთ, როგორც კულტურული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ჰომოგენურობა. ლოკალიზაციის მსგავსად, გლობალიზაციაც უნდა გავიგოთ, როგორც იდენტობებისა და დიფერენციების ან ჰომოგენიზებისა და ჰეტეროგენიზების წარმოების რეჟიმი. მაშასადამე უკეთესი ჩარჩო გლობალურისა და ლოკალურის დიფერენციების განსაზღვრისთვის, უნდა იყოს სხვადასხვა ქსელების დინებები და დაბრკოლებები, რომლებშიც ლოკალური მომენტი, ან პერსპექტივა უპირატესობას ანიჭებს მადეტერიტორიალიზებელ ბარიერებს და გლობალური მომენტი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მადეტერიტორიალიზებელი დინებების მობილურობას. ნებისმიერ შემთხვევაში მცდარია იმის მტკიცება, რომ შესაძლებელია ლოკალური იდენტობების კვლავწარმოება, რომლებიც რაღაც გაგებით კაპიტალისა და იმპერიის გლობალური დინებებისგან დაცული და მათ მიღმა იქნებიან. გლობალიზაციასთან წინააღმდეგობისა და ლოკალურობის დაცვის მემარცხენე სტრატეგიაც ასევე საზიანოა, რადგან ხშირად ის, რაც ლოკალურ იდენტობად ჩანს, არც ავტონომიურია და არც თვითგანსაზღვრული, არამედ პირდაპირ კაპიტალისტური იმპერიული მანქანის მიერ ნაზარდი და მისი განვითარების მხარდამჭერია. იმპერიული მანქანით მომუშავე გლობალიზაცია ან დეტერიტორიალიზაცია ფაქტობრივად სულაც არ უპირისპირდება ლოკალიზაციას ან რეტერიტორიალიზაციას, არამედ თამაშში რთავს დიფერენციათა და იდენტიფიკაციათა მობილურ და მოდულირებად ჩამრთველებს. ლოკალური წინააღმდეგობის სტრატეგია ახდენს მტრის მცდარ იდენტიფიცირებას და შესაბამისად ნიღბავს მას.
ორი აზრი არაა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ასეთ ურთიერთობათა გლობალიზაციას - რეალურად კი, როგორც ვთქვით, ამ პროცესს მემარცხენე ინტერნაციონალიზმის ყველაზე მძლავრი ძალები წაუძღვნენ წინ. მტერი გლობალურ ურთიერთობათა სპეციფიური რეჟიმია, რასაც ჩვენ იმპერიას ვუწოდებთ. არსებითად ლოკალურობის დაცვის სტრატეგია აბუნდოვნებს და უარყოფს კიდეც რეალურ ალტერნატივებსა და გათავისუფლების პოტენციალებს, რომლებიც იმპერიის შიგნით არის. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეშვათ გარე სამყაროს ძიებას, შეხედულებას, რომელიც ჩვენი პოლიტიკისთვის უმწიკვლოებას იგონებს. თეორიულადაც და პრაქტიკულადაც უმჯობესია გლობალური სიმრავლის ძალაზე დაფუძვნებული ანალიტიკით იმპერიის მიწაზე შესვლა და მის მაჰომოგენიზებელ და მაჰეტეროგენიზებელ დინებებთან, მისივე კომპლექსურობაში დაპირისპირება.
ინტერნაციონალეს შეზღუდულობა
არც ისე დიდი ხნის წინ, იყო დრო, როცა ინტერნაციონალიზმი პროლეტარული ბრძოლისა და ზოგადად პროგრესული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო. „პროლეტარებს არ აქვთ სამშობლო“, უკეთ, „პროლეტარიატის სამშობლო მთელი დედამიწაა“. ინტერნაციონალე რევოლუციონერთა ჰიმნი იყო, უტოპიური მომავლის სიმღერა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სლოგანებში გამოთქმული უტოპია, რეალურად არ იქნება ინტერნაციონალისტური, თუკი ინტერნაციონალიზმს გავიგებთ, როგორც სხვადასხვა ნაციონალურ იდენტობათა კონსენსუსს, რომლებიც ინარჩუნებენ სხვადასხვა ნაციონალურ განსხვავებებს, მაგრამ თანხმდებიან გარკვეულ პრინციპებზე. სხვანაირად რომ ვთქვათ პროლეტარული ინტერნაციონალიზმი იყო ანტინაციონალისტური და მაშასადამე ზენაციონალური და გლობალური. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - არა ნაციონალური იდენტობების, არამედ უშუალოდ საერთო მოთხოვნილებებისა და სურვილების საფუძველზე, ყოველგვარი საზღვრებისა და მიჯნების გარეშე.
ინტერნაციონალიზმი აქტიური მასა-სუბიექტის ნება იყო, რომელმაც ერი სახელმწიფო კაპიტალისტური ექსპლოატაციის მთავარ აგენტობასა და სიმრავლის მუდმივ, უაზრო ომებში ჩათრევაში დაადანაშაულა - მოკლედ რომ ვთქვათ, ერი სახლემწიფო იყო პოლიტიკური ფორმა, რომლის წინააღმდეგობების არც ინკორპორირება და არც სუბლიმირება არ შეიძლებოდა, არამედ მხოლოდ განადგურება. ინტერნაციონალური სოლიდარობა რეალურად ერი სახელმწიფოს განადგურებისა და ახალი მსოფლიო საზოგადოების პროექტი იყო. პროლეტარული პროგრამა ხშირად იდგა იმ ბუნდოვანი ტაქტიკური განსაზღვრებების უკან, რომელთაც სოციალისტური და კომუნისტური პარტიები ჰეგემონიურ ეპოქაში ქმნიდნენ. თუ ერი სახელმწიფო ცენტრალური რგოლი იყო დომინირების ჯაჭვში და ამგვარად უნდა განადგურებულიყო, მაშინ ნაციონალური პროლეტარიატი თავის ძირითად ამოცანად საკუთარი თავის განადგურებას ისახავდა, იმდენად, რამდენადაც მისი ნაციონალობა ნაციის მიერ იყო განსაზღვრული, ხოლო ინტერნაციონალური სოლიდარობა კი უნდა გათავისუფლებულიყო ნაციონალური შეზღუდულობისგან. ინტერნაციონალური სოლიდარობა უნდა აღქმულიყო არა როგორც სხვათა კეთილდღეობისთვის ჩადენილი ქველმოქმედების ან ალტრუიზმის აქტი, დიადი თავგანწირვა სხვა ეროვნების მუშათა კლასისთვის, არამედ სხვადასხვა ნაციონალობის პროლეტარიატის გათავისუფლებისთვის ერთადერთ საჭირო და აუცილებელ ქმედებად. პროლეტარულმა ინტერნაციონალიზმმა შექმნა პარადოქსული და ძლიერი პოლიტიკური მანქანა, რომელიც შეუჩერებლად არღვევდა ერი სახელმწიფოების საზღვრებსა და იერარქიებს. უტოპიურ მომავალს კი მხოლოდ მსოფლიო მასშტაბში წარმოიდგენდა.
კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ამგვარი პროლეტარული ინტერნაციონალიზმის დრო დასრულებულია. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ინტერნაციონალიზმის კონცეფცია ნამდვილად არსებობდა მასებში და თანდათან დაილექა ტანჯვისა და წადილის სქელ გეოლოგიურ ფენად, გამარჯვებებისა და დამარცხებების მოგონებად, იდეოლოგიური დაძაბულობებისა და მოთხოვნების ნაშთად. უფრო მეტიც, პროლეტარიატი დღეს საკუთარ თავს აღიქვამს, არა უბრალოდ ინტერნაციონალურად, არამედ (სულ მცირე ტენდენციურად მაინც) გლობალურად. შეიძლება გავრისკოთ და ვთქვათ კიდეც ირონიულად, რომ პროლეტარულმა ინტერნაციონალიზმმა ფაქტობრივად „გაიმარჯვა“, მხედველობაში თუ მივიღებთ ერი სახელმწიფოთა ძალაუფლების დასუსტებასა და ეხლანდელ გადასვლას გლობალიზაციასა და იმპერიაში. უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, უილიამ მორისის ფრაზის მიხედვით, რომ მათი ბრძოლის მიზანი მიუხედავად მარცხისა, მიღწეულია, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ ეს არ უგულისხმიათ და ალბათ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რასაც ისინი რეალურად გულისხმობდნენ.
პროლეტარული ინტერნაციონალიზმის პრაქტიკა ყველაზე ცხადად ბრძოლების საერთაშორისო ციკლებში გამოჩნდა. ამ ჩარჩოში გასაგები ხდება, რომ (ნაციონალური) საერთო გაფიცვა და (ერი-)სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყება, სხვა ყველაფერთან ერთად, იყო ერი-სახელმწიფოებში დანაწევრებული მსოფლიო პროლეტარიატის კომუნიკაციის საშუალება. ბერლინიდან მოსკოვამდე, პარიზიდან ახალ დელიმდე, ალჟირიდან ჰანოიმდე, შანხაიდან ჯაკარტამდე, ჰავანადან ნიუ იორკამდე, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ბრძოლები მუდმივად ჰპოვებდნენ ერთმანეთში გამოხმაურებებს. ციკლი იწყებოდა ამბოხების ცნობის გავრცელებით და მის სხვადასხვა კონტექსტებში განხორციელებით, ისევე, როგორც ამას ადრე სავაჭრო გემები აკეთებდნენ, როდესაც კარიბის ზღვაში მონათა აჯანყებების შესახებ ავრცელებდნენ ამბავს და რთულად ჩაცხრობად, ჯიუტ ალს სდებდნენ არემარეს. ციკლის ფორმირებისთვის, ამბის მიმღებს უნდა ჰქონოდა მოვლენების საკუთარ ენაზე „გადათარგმნის“, სხვისი ბრძოლის თავისად აღქმისა და ჯაჭვისთვის საკუთარი რგოლის შემატების უნარი. ზოგჯერ ერთი „თარგმანი“ მეორეზე დახვეწილი იყო: ერთი მხრივ, იყო იტალიის მუშათა საბჭოს მოძრაობა, რომელმაც მყისვე საკუთარი ბრძოლის დაწყებით უპასუხა რუსეთში ბოლშევიკთა გამარჯვებას, ხოლო მეორე მხრივ კი - მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩინელი ინტელექტუალები, რომლებიც ფილიპინებსა თუ კუბაში დაწყებული ანტიკოლონიური ბრძოლების შესახებ ინფორმაციების გავრცელებისთანავე იწყებდნენ მათ გადათარგმნას თავიანთ რევოლუციურ პროექტებად. ერთმანეთთან დაკავშირებული ბრძოლები არ უნდა გავიგოთ ერთი ჯაჭვის ერთმანეთზე მიმაგრებულ რგოლებად, არამედ ვირუსად, რომელიც ცალკეულ კონტექსტებში ადეკვატური დამკვიდრებისთვის იცვლის ფორმებს.
რთული არ იქნება უკიდურესად ინტენსიური ციკლების პერიოდიზება. პირველ ტალღად შეიძლება ჩავთვალოთ 1848 წლიდან მოყოლებული, პირველი ინტერნაციონალის მიერ დაწყებული პოლიტიკური აგიტაცია, რომელიც გრძელდებოდა 1880-იან და 1890-იან წლებში სოციალისტური პოლიტიკური და პროფკავშირული ორგანიზაციების ფორმირებით და დაგვირგვინდა რუსეთის 1905 წლის რევოლუციითა და პირველი ინტერნაციონალური ანტიიმპერიალისტური ბრძოლებით. მეორე ტალღა 1917 წლის საბჭოთა რევოლუციით დაიწყო, ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა, რომლის ერთი ნაწილის დაჭერა ფაშიზმებმა შეძლო ხოლო მეორე ნაწილი New Deal-მა შთანთქა. ბოლოს კი, ჩინეთის რევოლუცით დაწყებული ტალღა, განმათავისუფლებელი ბრძოლების სახით აფრიკასა და ლათინურ ამერიკას მოედო და 1960იანი წლების სოციალური აფეთქებებით დასრულდა.
სწორედ ეს საერთაშორისო ციკლები იყო ის ნამდვილი ძრავი, რომელმაც განსაზღვრა კაპიტალის ინსტიტუციების განვითარება და იგი რეფორმისა და რესტრუქტურიზების პროცესისკენ მიმართა. პროლეტარულმა, ანტიკოლონიურმა, ანტიიმპერიალისტურმა ინტერნაციონალიზმმა და კომუნიზმისთვის ბრძოლამ, რომელმაც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის თითქმის ყველა ძლევამოსილ აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა, კაპიტალის გლობალიზების პროცესები წინასწარ განჭვრიტა და მისი პრეფიგურირება მოახდინა. აქედან გამომდინარე, იმპერიის ფორმირება არის პასუხი პროლეტარულ ინტერნაციონალიზმზე. მასობრივი ბრძოლებით კაპიტალიზმის განვითარების წინასწარ განჭვრეტასა და მის პრეფიგურირებაში არაფერია დიალექტიკური ან ტელეოლოგიური. პირიქით, ბრძოლები თავისთავად დემონსტრირებაა შემოქმედებითი სურვილის, ისტორიულ გამოცდილებებში მოცემული უტოპიების, პოტენციალობად მოქმედი ისტორიციზმის - მოკლედ, ბრძოლები წარმოადგენენ res gestae-ს შიშველ რეალობას. ამდენად, ტელეოლოგია კონსტრუირდება ფაქტის შემდეგ, post festum.
ის ბრძოლები, რომელიც წინ უსწრებდა გლობალიზაციას და ახდენდა მის პრეფიგურირებას, იყო ცოცხალი შრომის სიძლიერის გამოხატულება, რომელიც ცდილობდა მასზე დაწესებული უხეში მატერიტორიალიზებელი რეჟიმებისგან გათავისუფლებას. როგორც კი ის მის წინააღმდეგ აკუმულირებულ მკვდარ შრომას დაუპირისპირდება, ცოცხალი შრომა ყოველთვის იწყებს სვლას ფიქსირებული მატერიტორიალიზებელი სტრუქტურების რღვევისკენ, ნაციონალური ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ, რომელთა ტყვეობაშიც არის მუდმივად. ცოცხალი შრომის ძალით, დაუდეგარი მოქმედებითა და მისი მადეტერიტორიალიზებელი სურვილით, გარდატეხის პროცესი ისტორიის ყველა ფანჯარას აღებს. თუ ავიღებთ სიმრავლის მოქმედების, სუბიექტურობისა და სურვილის წარმოების პერსპექტივას, დავინახავთ, რომ გლობალიზაცია რამდენადაც ძველი ექსპლოატაციისა და კონტროლის სტრუქტურების ნამდვილი მადეტერიტორიალიზებელია, იმდენად არის იგი სიმრავლის გათავისუფლების კონდიცია. მაგრამ როგორ შეიძლება დღეს გათავისუფლების ამ პოტენციალის რეალიზება? განა იგივე თავისუფლების მოუხელთებელი სურვილი არ ბუდობს აწმყოს იმ ფერფლის ქვეშ, რომელმაც გატეხა და დამარხა ერი სახელმწიფო და განსაზღვრა იმპერიისკენ გადასვლა და რომელმაც შთანთქა ინტერნაციონალისტური პროლეტარული სუბიექტი ცენტრირებული ინდუსტრიული მუშათა კლასის გარშემო? რამ ჩაანაცვლა ეს სუბიექტი? რა გაგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი სიმრავლის ონტოლოგიური საფუძველი, პოზიტიური ან ალტერნატიული აქტორია გლობალიზაციის არტიკულირებაში?
თხუნელა და გველი
უნდა ვაღიაროთ, რომ შრომისა და ამბოხების სუბიექტი სიღრმისეულად შეიცვალა. პროლეტარიატის შედგენილობა ტრანსფორმირდა და მაშასადამე, მისი ჩვენეული გაგებაც. კონცეპტუალურად, პროლეტარიატი გვესმის ფართო კატეგორიად, რომელიც მოიცავს შრომის ყველა იმ ფორმას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ექსპლოატირებულია და დამორჩილებულია წარმოებისა და კვლავწარმოების კაპიტალისტურ ნორმებს. გასულ ეპოქაში პროლეტარის კატეგორია ცენტრირებული და გაერთიანებული იყო ინდუსტრიული მუშათა კლასის კატეგორიაში, რომლის პარადიგმული სახე, საშუალო სტატისტიკური მამაკაცი ქარხნის მუშა იყო. ინდუსტრიულ მუშათა კლასს შრომის სხვა (გლეხური შრომა და რეპროდუქციული შრომა) სახეობებთან მიმართებით, ეკონომიკურ ანალიზებსა და პოლიტიკურ მოძრაობებში, წამყვანი როლი ენიჭებოდა. დღეს ის მუშათა კლასი ჩვენი თვალთახედვიდან გაქრა. მას არ შეუწყვეტია არსებობა, არამედ დაკარგა საკუთარი პრივილეგირებული და ჰეგემონიური პოზიცია კაპიტალისტურ ეკონომიკასა და პროლეტარიატის კლასობრივ შედგენილობაში. დღევანდელი პროლეტარიატი აღარ არის ის ძველი პროლეტარიატი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი გაქრა. სინამდვილეში, ჩვენ კვლავ თვალწინ გვაქვს პროლეტარიატის შედგენილობის, როგორც კლასის გაგების ახალი ანალიტიკური ამოცანა.
ის ფაქტი, რომ პროლეტარიატის კატეგორიაში ჩვენ ვათავსებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ექსპლოატირებული და კაპიტალისტური დომინაციის მორჩილია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პროლეტარიატი ჰომოგენური და არადიფერენცირებული ერთეულია - პირიქით, ის განსახვავებებითა და სტრატიფიკაციებითაა დაყოფილი. ზოგი შრომა დაქირავებულია, ზოგი არა; ზოგი შრომა შეზღუდულია დღეში 8 საათამდე და კვირაში 40 საათამდე, ზოგი მთელ ცხოვრებას მოიცავს; ზოგ შრომას მინიმალური ღირებულება ენიჭება, ზოგიც კაპიტალისტური ეკონომიკის მწვერვალებზეა აყვანილი. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წარმოების სხვადასხვა აქტიურ ფორმებს შორის, არამატერიალური სამუშაო-ძალა (რაც გულისხმობს კომუნიკაციას, კო-ოპერაციას, აფექტების წარმოებასა და კვლავწარმოებას) უფრო და უფრო ცენტრალურ როლს იკავებს კაპიტალისტური წარმოების სქემასა და პროლეტარიატის შედგენილობაში. ჩვენი თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავაშირებით არის ის, რომ შრომის მრავალგვარი ფორმები, სხვადასხვა ფორმითაა დამორჩილებული კაპიტალისტურ დისციპლინასა და წარმოების კაპიტალისტურ ურთიერთობებს. სწორედ კაპიტალის შიგნით ყოფნა განსაზღვრავს პროლეტარიატს როგორც სოციალურ კლასს.
მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბრძოლის იმ კონკრეტულ ფორმებს, რომლითაც ახალი პროლეტარიატი თავის საჭიროებებსა და სურვილებს გამოხატავს. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ 1968 წლიდან ბერლინის კედლის დაცემამდე, კაპიტალისტური წარმოების რესტრუქტურიზაციასა და გლობალურ ექსპანსიას თან ახლდა პროლეტარული ბრძოლის ტრანსფორმაციაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომუნიკაციასა და საერთო სურვილების თარგმნაზე დაფუძნებული ბრძოლათა საერთაშორისო ციკლები ამ დროისთვის უკვე აღარ არსებობს. ის ფაქტი, რომ გაქმრალია ციკლი, როგორც ბრძოლათა ორგანიზების სპეციფიკური ფორმა, რა თქმა უნდა არ არ ნიშნავს იმას, რომ უფსკრულის წინაშე ვდგავართ. პირიქით, მსოფლიო სცენაზე ჩვენ ვხედავთ ისეთ მძლავრ მოვლენებს, სადაც სიმრავლე უარყოფს ექსპლოატაციას და გვაუწყებს პროლეტარული სოლიდარობისა და ბრძოლის ახალი ფორმების გაჩენას.
ავიღოთ მეოცე საუკუნის უკანასკნელი წლების ყველაზე რადიკალური და ძლევამოსილი ბრძოლები: 1989 წლის ტიანმინის მოედნის მოვლენები, ინტიფადა ისრაელის სახელმწიფოს ძალაუფლების წინააღმდეგ, ლოს ანჟელესის 1992 წლის მაისის ამბოხება, 1994 წელს დაწყებული ჩიაპასების აჯანყება, 1995 წლის საფრანგეთისა და 1996 წლის სამხრეთ კორეის გაფიცვები. ყოველი ეს ბრძოლა სპეციფიკური და უშუალო რეგიონული საკითხებით იმგვარად იყო დაინტერესებული, რომ შეუძლებელი იყო მათი მიბმა ამბოხებათა გლობალურ ჯაჭვზე. არც ერთს ამ მოვლენათაგან არ გამოუწვევია საერთაშორისო ციკლის ფორმირება, რადგან სურვილები და საჭიროებები, რომელთაც ისინი გამოხატავდნენ არ იყო სხვადასხვა კონტექსტში თარგმნადი. სხვა სიტყვებით, (პოტენციურმა) რევოლუციონერებმა დედამიწის სხვა ნაწილებიდან არ მოუსმინეს და არ სცნეს მოვლენები პეკინში, ნაბლუში, ლოს ანჯელესში, ჩიაპასში, პარიზსა თუ სეულში საკუთარ ბრძოლებად. ამ ბრძოლებმა არა თუ კონტექსტებთან კომუნიკაცია ვერ შეძლო, არამედ ლოკალური კომუნიკაციაც კი აკლდა და ხშირად ნაპერწკალივით ხანმოკლე იყო. რასაკვირველია, ეს ჩვენი დროის ერთ ერთი ცენტრალური და ყველაზე რთული პოლიტიკური პარადოქსია: კომუნიკაციის ეპოქად აღიარებულ დროში, ბრძოლა თითქმის არაკომუნიკაბელური გახდა.
არაკომუნიკაბელურობის პარადოქსი უკიდურესად ართულებს ბრძოლებისგან წარმოქმნილი ახალი ძალის გაგებასა და გამოხატვას. უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ბრძოლებმა დაკარგეს ექსტენსიურობაში, ხანგრძლივობასა და კომუნიკაბელურობაში, მათ ის ინტენსივობაში შეიძინეს. ჩვენ აგრეთვე უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად ბრძოლების ლოკალურ და უშუალო გარემოებებზე ფოკუსირებისა, ისინი ზენაციონალური მნიშვნელობის პრობლემების სვამდნენ. პრობლემებს, რომლებიც სახასიათოა ახალი იმპერიული კაპიტალისტური რეგულირების ფორმებისთვის. მაგალითად ლოს ანჯელესში, ბუნტი საზრდოობდა ლოკალური რასობრივი ანტაგონიზმებითა და სოციალურ-ეკონომიკური გარიყულობის პრობლემით, რაც ძირითადად (პოსტ)ურბანული ტერიტორიებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მოვლენები მყისვე კატაპულტირდა საზოგადო დონეზე, რადგანაც ისინი პოსტ-ფორდისტული სოციალური კონტროლის რეჟიმის უარყოფისკენ სწრაფვას გამოხატავდნენ. როგორც ინტიფადამ გარკვეულ ასპექტებში, ასევე ლოს ანჯელესის ბუნტმაც აჩვენა, თუ როგორ დასუსტდა ფორდისტული ხელშეკრულების რეჟიმი და როგორი არასაიმედო გახადა მენეჯმენტი სოციალური მედიაციის მექანიზმებმა, რასობრივად და სოციალურად ჰეტერეგონულ მეტროპოლიტანურ ტერიტორიებსა და მოსახლეობებში. საქონლის მოროდიორობა და საკუთრების განადგურება იყო არა მეტაფორა, არამედ პოსტ-ფორდისტული მობილური და მერყევი სოციალური მედიაციების ნამდვილი გლობალური კონდიცია. ჩიპიასებში, აჯანყება ძირითადად ლოკალურ საკითხებზე იყო ფოკუსირებული: გარიყულობისა და რეპრეზენტაციის ნაკლებობის სპეციფიკურად მექსიკური საზოგადოებისთვისა და მექსიკური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პრობლემები, შეზღუდული ხარისხით კავშირშია ზოგადად ლათინურ ამერიკაში არსებული რასობრივი იერარქიების პრობლემასთან. ზაპატისტას აჯანყებაც NAFTA-ს მიერ დაწესებული სოციალური რეჟიმისა და ზოგადად მსოფლიო ბაზრის რეგიონულ კონსტრუქციაში სისტემური გარიყვისა და დამორჩილების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი ბრძოლა იყო. ბოლოს, სეულის მსგავსად, 1995 წლის პარიზისა და სრულიად საფრანგეთის მასობრივი გაფიცვები მიზნად ისახავდა სპეციფიკურად ლოკალურ და ნაციონალურ შრომით საკითხებს (როგორიცაა პენსიები, ხელფასები და უმუშევრობა), მიუხედავად ამისა ბრძოლა მაშინვე მიიჩნიეს ევროპის ახალი სოციალური და ეკონომიკური კონსტრუქციისთვის ცხად გამოწვევად. ყველაზე მეტად საფრანგეთის გაფიცვამ მოგვიწოდა საჯაროს ახლებური გაგებისკენ, ახალი საჯარო სივრცის შექმნისკენ პრივატიზაციის ნეოლიბერალური მექანიზმების წინააღმდეგ, რაც მეტ ნაკლებად ყველგან თან ახლდა კაპიტალისტური გლობალიზაციის პროექტს. შესაძლოა ზუსტად ამიტომაცაა მთელი ეს ბრძოლები არაკომუნიკაბელური და ციკლურ ფორმაში ჰორიზონტალური მოგზაურობისთვის დაბლოკილი. ისინი იძულებულნი არიან გააკეთონ ვერტიკალური ნახტომები და დაუყოვნებლივ შეეხონ გლობალურ დონეს.
ჩვენ უნდა შევძლოთ იმის დანახვა, რომ ეს არის არა ინტერნაციონალური ბრძოლების ახალი ციკლის სახე, არამედ სოციალური მოძრაობების ახალი ხარისხის გამომჟღავნება. ჩვენ უნდა შევძლოთ იმ ფუნდამენტურად ახალი მახასიათებლების დანახვა, რომლებსაც ყველა ეს ბრძოლა წარმოადგენს, მათი რადიკალური განსხვავებულობის მიუხედავად. პირველი, ყოველი ბრძოლა, თუნდაც ლოკალურ კონდიციებში მყარად ფესვგადგმული, მაშინვე გლობალურ დონეზე ინაცვლებს და იმპერიულ კონსტიტუციას მის ზოგადობაში ურტყამს. მეორე, ყველა ბრძოლა ანადგურებს ტრადიციულ სხვაობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბრძოლებს შორის. ბრძოლები ამჯერად ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულია და მაშასადამე ისინი ბიოპოლიტიკური ბრძოლებია, ბრძოლები სიცოცხლის ფორმაზე. ცალკეული ასეთი ბრძოლები ქმნიან საერთო საჯარო სივრცეებსა და საზოგადოების ახალ ფორმებს.
ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ, მაგრამ ეს ასეთი ადვილი არ არის. ფაქტობრივად უნდა ვაღიაროთ, რომ თუნდაც როცა ამ სიტუაციებიდან რეალური სიახლის ინდივიდუაციას ვცდილობთ, გვაბრკოლებს უკმაყოფილების განცდა, რომ ეს ბრძოლები უკვე მოძველებულია, ვადაგასული და ანაქრონული. ტიანმენის მოედნის ბრძოლები დემოკრატიის ენაზე ლაპარაკობდა, რაც უკვე დიდი ხანია მოდიდანაა გადასული; გიტარები, ბენდენები, კარვები და სლოგანები, ყველაფერი 60-იანების ბერკლის სუსტ ექოს გავდა. ლოს ანჯელესის არეულობებიც, იმ რასისტული კონფლიქტების მიწისძვრის ბოლო მსუბუქ ბიძგებს გავდა, რომელმაც შოკში ჩააგდო 1960-იან წლებში შეერთებული შტატები. გაფიცვებს პარიზსა და სეულში თითქოს მასობრივი ქარხნის მუშათა გაფიცვების პერიოდში მივყავდით, თითქოს ისინი მომაკვდავი მუშათა კლასის ბოლო ამოსუნთქვა იყო. ყველა ეს ბრძოლა, რომელიც რეალურად ახალ ელემენტებს წარმოაჩენს, დასაწყისშივე უკვე მოძველებულად და ვადაგასულად გამოიყურება - ზუსტად იმიტომ, რომ მათ არა აქვთ კომუნიკაცია, მათი ენა არ ითარგმნება. ბრძოლებს არა აქვთ კომუნიკაცია ერთმანეთთან თუ არ არიან მედიაში ჰიპერ-ჩართულები, ტელევიზიაში, ინტერნეტში და ყველა შესაძლო ფორუმში. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვეჯახებით არაკომუნიკაბელურობის პარადოქსს.
ნამდვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ ნამდვილი დაბრკოლებები, რომლებიც ბრძოლებს შორის კომუნიკაციას აფერხებს. ერთი ასეთი დაბრკოლებაა იმ საერთო მტრის ვერ იდენტიფიცირება, რომლის წინააღმდეგაც ეს ბრძოლებია მიმართული. პეკინი, ლოს ანჯელესი, ნაბლუსი, ჩაპასი, პარიზი, სეული: სიტუაცია უკიდურესად სპეციფიკურია, მაგრამ ისინი, ყველანი პირდაპირ უტევენ იმპერიის გლობალურ წესრიგს და ეძებენ რეალურ ალტერნატივას. ასე, რომ საერთო მტრის ბუნების გამოკვეთა არსებითი პოლიტიკური ამოცანაა. მეორე დაბრკოლება, რომელიც მართლაც პირველის შედეგია, არის ის, რომ ბრძოლებს არა აქვთ საერთო ენა, რომელიც გადათარგმნიდა ყოველი ბრძოლის კონკრეტულ ენას კოსმოპოლიტურ ენაზე. ბრძოლები მსოფლიოს სხვა მხარეებში და ჩვენი საკუთარი ბრძოლებიც კი, თითქოს გაუგებარ უცხო ენაზე წერია. ესეც ასევე მიუთითებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანაზე : რომ მოხდეს ისეთი ახალი საერთო ენის კონსტრუირება, რომელიც შეამსუბუქებს კომუნიკაციას, როგორც ეს ანტი-იმპერიალისტურმა და პროლეტარულ ინტერნაციონალისტურმა ენებმა გააკეთეს წინა ეპოქაში. ალბათ საჭიროა, იყოს ახალი ტიპის კომუნიკაცია, რომელიც ფუნქციონირებს არა მსგავსებების საფუძველზე, არამედ - განსხვავებების: სინგულარობების კომუნიკაცია.
საერთო მტრის იდენტიფიცირება და ბრძოლებისთვის საერთო ენის გამოგონება, უდაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენ განვავითარებთ მას,, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი ინტუიცია გვეუბნება, რომ ეს ანალიტიკური ხაზი ვერ შეძლებს უახლესი ბრძოლების მიერ წარმოდგენილი რეალური პოტენციალის ჩაწვდომას. სხვა სიტყვებით, ინტუიცია გვეუბნება, რომ იმისათვის რომ ამოიცნო გზა, რომლითაც თანამედროვე ბრძოლები იძენენ გლობალურ მნიშვნელობას, ციკლში ბრძოლების ჰორიზონტალური არტიკულირების მოდელი აღარ არის ადეკვატური. ასეთი მოდელი ფაქტობრივად გვაბრმავებს მათი რეალურად ახალი პოტენციალის დასანახად.
მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში გაჩენილი, პროლეტარული ბრძოლების ციკლთა თანმიმდევრობის გაგებას, მარქსი ცდილობდა თხუნელისა და მისი მიწისქვეშა გვირაბების წარმოდგენით. მარქსის თხუნელა ღია კლასობრივი კონფლიქტების დროს ამოდიოდა ზედაპირზე და შემდეგ კვლავ მიწაში ბრუნდებოდა - არა პასიური უმოქმედობისთვის, არამედ გვირაბების გასათხრელად. იგი მოძრაობდა დროსთან ერთად, ბიძგს აძლევდა ისტორიას და ხელსაყრელი დროის დადგომისთანავე (1830, 1848, 1870) ზედაპირზე ამოდიოდა. კარგად ჩამალულო ბებერო თხუნელავ! ვეჭვობთ რომ მარქსის თხუნელა საბოლოოდ მოკვდა. ჩანს, რომ ფაქტობრივად იმპერიისკენ თანამედროვე გადასვლისას თხუნელას სტრუქტურირებული გვირაბები ჩანაცვლდა გველის უსასრულო ტალღისებრი კლაკნით. ეს ის ხატია, რომელსაც დელეზი გვაწვდის დისციპლინარული საზოგადოებებიდან კონტროლის საზოგადოებებში გადასვლის ანალიზისას. (დელეზი ამტკიცებს, რომ თანამედროვე საზოგადოება გასცდა ფუკოს მიერ გაანალიზებულ დისციპლინარულ ფორმებს. დღესდღეობით დისციპლინარული ინსტიტუტები - სკოლა, ოჯახი, ციხე, ქარხანა, ყველა კრიზისშია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისციპლინარული ლოგიკები იშლება; რაც დღეს იშლება, არის ის ინსტიტუციური საზღვრები, რომლებიც ოდესღაც შემოისაზღვრა და შეიზღუდა ცალკეულ სოციალურ სივრცეებში გამოსაყენებლად. დისციპლინარული ლოგიკები მთელი საზოგადოების მასშტაბით გავრცელდა, განზოგადდა და ზოგიერთ ასპექტში გამძაფრდა კიდეც. განზოგადებული დისციპლინარულობა არის ის, რაც კონტროლის საზოგადოებას განსაზღვრავს.) „ბებერი თხუნელა“, წერს დელეზი, „დახურული სივრცეების ცხოველია, ხოლო გველი - კონტროლის საზოგადოებების. ჩვენ გადავედით ერთი ცხოველიდან მეორეში, თხუნელადან გველში, სისტემაში რომელიც ამასთანავე ცხოვრების სტილია და ერთმანეთთან ახლებური ურთიერთობები.“ პოსტმოდერნში მოდერნული სამყაროს სიღრმეები და მისი მიწისქვეშა გვირაბები ზედაპირული გახდა. დღევანდელი ბრძოლები მდუმარედ სრიალებენ იმპერიული ლანდშაფტის მთელ ზედაპირზე. შესაძლოა მათი არაკომუნიკაბელურობა, კარგი სტრუქტრუირებისა და საკომუნიკაციო გვირაბების ნაკლებობა, სიძლიერე უფროა ვიდრე სისუსტე - სიძლიერე, იმიტომ რომ საკუთარ თავში მათი ყველა მოძრაობა დაუყოვნებლივ სუბვერსიულია და არ ელოდება საგარეო მხარდაჭერას ან გამრავალირცხოვნებას ეფექტურობის გარანტირებისთვის. რაც უფრო გაფართოვდება კაპიტალის წარმოებისა და კონტროლის გლობალური ქსელი, ბრძოლები მით უფრო ძლევამოსილი გახდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი საკუთარ ძალებზე დაყრდნობილი აჯანყება, ენერგიის კონცენტრირებას მოახდენს მძაფრ და მკვრივ კლაკნილებში, ეს გველისებრი ბრძოლები კი პირდაპირ იმპერიული წესრიგის უმაღლეს არტიკულაციებს შეუტევს. იმპერია ზედაპირული სამყაროა, მისი ვირტუალური ცენტრი კი უშუალოდაა ხელმისაწვდომი ზედაპირის ნებისმიერი წერტილიდან. თუ ეს მომენტები ბრძოლების ახალი ციკლის მსგავს რამეს შექმნის, მაშინ ეს იქნება ციკლი, განსაზღვრული არა ბრძოლების კომუნიკაციური გაფართოებით, არამედ მათი ცალკეული გამოჩენით, იმ ინტენსივობით, რომელიც თითო-თითოდ ახასიათებთ. მოკლედ, ეს ფაზა განისაზღვრება არა ბრძოლების ჰორიზონტალური კავშირის ფაქტით, არამედ პირდაპირ იმპერიის ვირტუალური ცენტრისკენ თითოეული ვერტიკალური ნახტომით. რევოლუციური ტრადიციის თვალსაზრისით, ვინმემ შეიძლება თქვას, რომ მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ყველა რევოლუციურ ქმედებათა ტაქტიკური წარმატებები ზუსტად იმპერიალისტური ჯაჭვის სუსტი რგოლის გაწყვეტის უნარით ხასიათდებოდა, რაც რევოლუციური დიალექტიკის ანბანია და ასე, რომ ეს სიტუაცია არც ისე იმედის მომცემია. უდაოა, რომ გველისებრი ბრძოლები, რისი მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ, არ გვაძლევს ცხად რევოლუციურ ტაქტიკებს, ან იქნებ ის საერთოდ მიუწვდომელია ტაქტიკური ხედვისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი სუბვერსიული სოციალური მოძრაობების სერიების მომსწრე გავხდით, რომლებიც უტევენ იმპერიული ორგანიზაციის უმაღლეს დონეებს, შესაძლოა საერთოდაც აღარაა საჭირო ძველებურად განვასხვავოთ სტრატეგია და ტაქტიკა. იმპერიის კონსტიტუციაში აღარ არსებობს ძალაუფლების „მიღმიერი“ და მაშასადამე არც სუსტი რგოლები - თუ სუსტ რგოლში იმ გარეგან წერტილს ვიგულისხმებთ, რომელშიც სუსტია გლობალური ძალაუფლების არტიკულაციები. მნიშვნელობის მოსაპოვებლად, ყოველმა ბრძოლამ იმპერიის გულს, მის სიძლიერეს უნდა შეუტიოს. ეს ფაქტი არცერთ გეოგრაფიულ რეგიონს არ ანიჭებს პრიორიტეტს, რომ თითქოს მხოლოდ ვაშინგტონის, ჟენევას ან ტოკიოს სოციალურ მოძრაობებს შეუძლიათ იმპერიისთვის გულში დარტყმა. პირიქით, იმპერიის კონსტრუირება და ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გლობალიზება ნიშნავს იმას, რომ იმპერიის კრიტიკული ცენტრისთვის ყოველი წერტილიდან შეიძლება შეტევა. ძველი რევოლუციური სკოლის წუხილი ტაქტიკაზე, სრულიად არაადეკვატურია; ბრძოლებისთვის ერთადერთი გამოსადეგი სტრატეგია ცალკეული კონტრ-ძალის სტრატეგიაა, რომელიც იმპერიაშივე წარმოიშვება.
ვისთვისაც რთულია სიახლის და ამ სიტუაციის რევოლუციური პოტენციალის თავად ბრძოლის პერსპექტივიდან გაგება, მათ შეიძლება ადვილად გაიგონ იგი იმპერიული ძალაუფლების პერსპექტივიდან, რომელიც იძულებულია ბრძოლებზე რეაგირება მოახდინოს. მაშინაც კი, როცა ეს ბრძოლები ხდება კომუნიკაციისთვის ეფექტურად ჩაკეტილ სივრცეებში, ისინი მაინც არიან იმპერიის მანიაკალური ყურადღების ცენტრში. ბრძოლები გაკვეთილებია ადმინისტრაციის საკლასო ოთახებსა და სამთავრობო პალატებში - გაკვეთილები, რომლებიც ითხოვენ რეპრესიულ ინსტრუმენტებს. ძირითადი გაკვეთილი კი ისაა, რომ თუ კაპიტალისტური გლობალიზაციის პროცესები გაგრძელდება, ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს. ამ ბრძოლებს, საკუთარი წონა და ინტენსივობა აქვს და მეტიც, ისინი ამ პროცედურებისა და იმპერიული ძალაუფლების განვითარების მიმართ იმანენტურები არიან. ისინი თავად დებენ ინვესტიციებს და ეხმარებიან გლობალიზაციის პროცესებს. იმპერიული ძალაუფლება ჩურჩულებს ბრძოლათა სახელებს, რომ პასიური გახადოს ისინი მათთვის მომხიბლავი იმიჯების შექმნით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იმის აღმოჩენაა, თუ გლობალიზაციის რომელი პროცესებია შესაძლებელი და რომელი - არა. ამ წინააღმდეგობრივი და პარადოქსული გზით გლობალიზაციის პროცესები პასუხისმგებლობას იღებს ამ მოვლენებზე, აღიარებს მათ, როგორც ერთი მხრივ თავისივე შეზღუდულობად და მეორე მხრივ იმპერიის გადაიარაღების შესაძლებლობად. გლობალიზაციის პროცესები არ იარსებებდა, ან შეჩერდებოდა, ის რომ არ იწვევდეს მუდმივ იმედგაცრუებასა და ამასთანავე სიმრავლის აჯანყებებით მის ამოძრავებას, აჯანყებებით რომელიც უშუალოდ ეხება იმპერიული ძალაუფლების უმაღლეს დონეებს.
კვლავ მეთოდოლოგია
როდესაც ვუბრუნდებით მეთოდოლოგიურ, ან აქსიომატურ პუნქტს, რომელზეც ვლაპარაკობდით დასაწყისში, დავინახავთ, რომ ეს არგუმენტი ბრძოლების ინტერნაციონალური ციკლებისა და კაპიტალისტური გლობალიზაციის შესახებ, ემყარება ფუნდამენტურ აქსიომას, რომ წინააღმდეგობა წინ უსწრებს ძალაუფლებას (დელეზის/ფუკოს მიხედვით), ან პროლეტარული ბრძოლები წინ უძღვიან და განსაზღვრავენ კაპიტალისტური საზოგადოების და წესრიგის (მარქსისტულ/ოპერაიზმოსეული ცნებებით) წარმატებულ ფორმებს.
ახლა სრულებით გონივრულია დაისვას კითხვა, არის თუ არა ნამდვილად მართალი, რომ წინააღმდეგობა წინ უსწრებს ძალაუფლებას და სოციალური ბრძოლა წინ უძღვის და განსაზღვრავს კაპიტალისტურ რესტრუქტურაციას. ჩვენ არ შემოგვითავაზებია არგუმენტი ამისათვის - ზუსტადაც, ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც აქსიომას. ჩვენ ვცდილობთ იმის დემონსტრირებას, რომ შესაძლებელია ისტორიის ქვემოდან წაკითხვა, მაგრამ ეს მართლაც არ არის დამამტკიცებელი საბუთი. თუმცა, ამ აქსიომის პოლიტიკური ეფექტი უფრო საინტერესოა, როცა მას დღის სინათლეზე გამოაქვს წინააღმდეგობისა და სოციალური ბრძოლების ძალა.
დღეს, როდესაც ვხედავთ კაპიტალისტურ გლობალიზაციას და ახალ მსოფლიო წესრიგს, ძალიან მარტივი და ძალიან ბუნებრივია, რომ ჩვენი თავი და სოციალური მოძრაობები უმწეო მოგვეჩვენოს. ამ მეთოდმა შეიძლება ანტიდოტად იმოქმედოს ცინიზმისა და უმწეობის წინააღმდეგ. მაგრამ საქმე იმაში კი არაა, რომ თავი ძლიერად მოვაჩვენოთ, როცა სინამდვილეში არ ვართ, არამედ უნდა გავაცნობიეროთ სწორედ ის ძალა, რომელიც გვაქვს; ძალა, რომელმაც შექმნა თანამედროვე სამყარო და რომელსაც შეუძლია შექმნას სხვა სამყარო.
მაიკლ ჰარტი
თარგმანი: გიორგი ჩუბინიძე, ანუკ ბელუგა. წყარო
i „იმპერია“ – ტონი ნეგრისა და მაიკლ ჰარტის წიგნი, რომელსაც ცნობილმა სლოვენიელმა
ფილოსოფოსმა, სლავოი ჟიჟეკმა ოცდამეერთე საუკუნის „კომუნისტური მანიფესტი“ უწოდა.
ფილოსოფოსმა, სლავოი ჟიჟეკმა ოცდამეერთე საუკუნის „კომუნისტური მანიფესტი“ უწოდა.
ii Deterritorialization
iii Multitude
iv Reterritorialization
თარგმანი: გიორგი ჩუბინიძე, ანუკ ბელუგა.
No comments:
Post a Comment