პაულო ფრეიერი – " ჩაგრულთა პედაგოგიკა"



პაულო ფრეიერის წიგნის ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია (Link)
წიგნის გადმოსაწერილი ბმული



"მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების (ნებისმიერ დონეზე, სკოლაში თუ მის გარეთ) ყურადღებით შესწავლისას კარგად ჩანს, რომ ეს ურთიერთობები ძირითადად ნარატიულია. ეს ურთიერთობები გულისხმობს მთხრობელს, სუბიექტს, რომელიც ჰყვება (მასწავლებელს), და მომთმენ, მსმენელ ობიექტს (მოსწავლეს). შინაარსი, შეფასებები იქნება ეს თუ რეალობის ემპირიული თავისებურებები, ასეთი თხრობის პროცესში უსიცოცხლო და გაქვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ განათლება დაავადებულია თხრობის დაავადებით”.
"მასწავლებელი რეალობას აღწერს ისე, თითქოს იგი რაღაც უძრავი, სტატიკური იყოს, რომელიც ცალკეული ნაწილებისგან შედგება და პროგნოზირებადია. ანდა მასწავლებელი ეხება (ჰყვება) თემას მოსწავლის რეალური გამოცდილების გაუთვალისწინებლად”.
"მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, აავსოს მოსწავლეები თავისი თხრობის შინაარსით - შინარსით, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და საკმაოდ შორს არის იმისგან, რაც მოსწავლისთვის მშობლიური და ნაცნობია და რაც მისთვის შესაძლოა აღქმადი და შინაარსიანი გახდეს. ამასთან, ამ ნარატიული (თხრობითი) პედაგოგიკის მთავარი თვისებაა სიტყვების კეთილხმოვანება და არა მათი (სიტყვების) გარდამქმნელი ძალა: "ოთხჯერ ოთხი თექვსმეტია. პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი”. მოსწავლე იწერს, იმახსოვრებს და იმეორებს ამ ფრაზებს და არ ესმის, სინამდვილეში რას ნიშნავს "ოთხჯერ ოთხი”, ვერ გაიაზრებს სიტყვა "დედაქალაქის” ჭეშმარიტ მნიშვნელობას წინადადებაში: "პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი”, ანუ რას ნიშნავს ქალაქი ბელემი პარას პროვინციისთვის და რას წარმოადგენს პროვინცია პარა სრულიად ბრაზილიისთვის”.

"ნარატიულ სწავლებას (მასწავლებელი-მთხრობელით) მივყავართ იმისკენ, რომ მოსწავლეები მექანიკურად იმახსოვრებენ მოყოლილს. უფრო უარესია ის, რომ ასეთი ურთიერთქმედება მათ (მოსწავლეებს) ცარიელ კონტეინერებად აქცევს, ერთგვარ ჭურჭლად, რომელსაც მასწავლებელი "ავსებს”. რაც უფრო მეტად "შეავსებს” კონტეინერს, მით უფრო უკეთეს მასწავლებლად მიიჩნევა; რაც უფრო თვინიერად "ავსებინებენ” კონტეინერები თავიანთ თავს, მით უკეთესი მოსწავლეები არიან. გამოდის, რომ განათლება გადაიქცევა ინფორმაციული "შენატანების” ან "დეპოზიტების” განთავსების პროცესად, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთგვარი საცავები, დეპოზიტარიუმები არიან, ხოლო მასწავლებლები - ამ საცავში "შემტანები”, "დეპოზიტარები”.
"მასწავლებელი, ურთიერთობის ნაცვლად, შემტანად იქცევა (საბანკო დეპოზიტზე შემტანის მსგავსად), მოსწავლე კი თვინიერად იღებს ამ შენატანს, იმახსოვრებს და ჰყვება იმას, რაც დაიმახსოვრა. ჩვენ წინაშეა განათლების "საბანკო” (ან შემზღუდველი) კონცეფცია, რომელშიც მოსწავლეს ეძლევა უფლება, მიიღოს ინფორმაციის ერთეული, გაანაწილოს იგი თაროებზე და მომავლისათვის შეინახოს.

"განათლება უნდა იწყებოდეს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ამ წინააღმდეგობების მოგვარებით, საპირისპირო პოლუსების შეთანხმებით და იმის აღქმით, რომ ორივე მხარე ერთდროულად არის მასწავლებელიც და მოსწავლეც”.

1. მასწავლებელი ასწავლის - მოსწავლეები სწავლობენ.
2. მასწავლებელმა ყველაფრი იცის, მოსწავლეებმა - არაფერი.
3. მასწავლებელი ფიქრობს - მოსწავლეთა ნაცვლად ფიქრობენ.
4. მასწავლებელი ლაპარაკობს - მოსწავლეები მორჩილად უსმენენ.
5. მასწავლებელი დისციპლინას ამყარებს - მოსწავლეები ემორჩილებიან დისციპლინას.
6. მასწავლებელი აკეთებს არჩევანს და თავს ახვევს ამ არჩევანს - მოსწავლეები ემორჩილებიან.
7. მასწავლებელი მოქმედებს - მოსწავლეებს აქვთ ილუზია მასწავლებლის მოქმედების წყალობით.
8. მასწავლებელი განსაზღვრავს სწავლების პროგრამის შინაარს - მოსწავლეები (რომლებსაც ისედაც არავინ არაფერს ეკითხება) ეთანხმებიან მას.
9. მასწავლებელი არ მიჯნავს ცოდნის ძალას მისი პროფესიული ძალისგან და ამით უპირისპირებს მას მოსწავლეთა თავისუფლებას.
10. სწავლების პროცესში მასწავლებელი სუბიექტია, მაშინ როცა მოსწავლეები მხოლოდ სწავლების ობიექტები არიან.

2 comments:

  1. შენი დასკანირებულია? კარგი მოვლენაა

    ReplyDelete
  2. ხო მე დავასკანერე ნუ ნინუკამ ტექნიკურად, იკიხება?

    ReplyDelete

Printfriendly