დროს.
რომელ დროს?
ეს შენახული ფული, ჩემი წარსული დროა თუ დრო, რომელიც წარსულში დავხარჯე?
ან, საერთოდ, მომავლის ყიდვის შანსს ხომ არ მჩუქნის?
ეს განსხვავებები შენახვასა და დაბანდებას შორის ადრეული, ბურჟუაზიული კაპიტალიზმის გვიანდელ კაპიტალიზმად გარდაქმნის პროცესს, აგრეთვე კაპიტალისა და ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სუბიექტურობისა და სინგულარულობის ურთიერთმიმართებებს უკავშირდება. შევეცდები ეს მიმართებები უახლეს პროცესებს დავუკავშირო, რომელიც ფულის, ენისა და დროის ურთიერთობებზე ჩვენი წარმოდგენების შეცვლით ხასიათდება.
|
Yves Marchand, Romain Meffre, Melted clock, Cass Technical High School, 2008. Courtesy of the artists.
|
თანამედროვე ევროპულ პეიზაჟს თუ მოვავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ გერმანია იღბლიან ადგილზეა. ბერძნები, პორტუგალიელები, რომ აღარაფერი ვთქვათ ირლანდიელებზე, რამდენიმე წლის წინ ბედნიერები იყვნენ და ახლა უცბად შეეცვალათ განწყობა. საქმე ისაა, რომ გერმანულმა ბანკებმა მათი ფული შეინახეს, ირლანდიული ფული, ბერძნული ფული, პორტუგალიური ფული, და ახლა, როცა ისინი თავიანთ კუთვნილს ითხოვენ, აღმოჩნდა, რომ ამ გაცვლა-გამოცვლაში რაღაც ისე ვერ არის. მაგრამ როგორ დავადგინოთ კონკრეტულად რა?
ეს ფინანსური კაპიტალიზმის ეპოქის გამოცანა და საიდუმლოა.(თუმცა, განა ნამდვილად საიდუმლოა?) შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიდუმლოა რაღაც, რაც ყუთშია დამალული. თუ გასაღებს მოარგებ, დამალულს ფარდა აეხდება - ის ჭეშმარიტება ხდება. მაგრამ მეორე მხრივ, გამოცანას არ აქვს გასაღები, არც ჭეშმარიტება. კრისტიან მერაცი შენიშნავდა, რომ კაპიტალიზმი ისეა
კონსტრუირებული, როგორც გამოცანა - შეუძლებელია აღმოაჩინო ჭეშმარიტება, იმიტომ, რომ იგი სწორედ იმ დაშვებას ემყარება, რომ ჭეშმარიტება აღარ არსებობს, ან იქ აღარაა, სადაც ვეძებთ.
ჟან ბოდრიარი, თავის 1976 წლის წიგნში “Symbolic exchange and Death” წერდა, რომ მთელი ფინანსური სისტემა ერთი დიდი განუსაზღვრელობაა, რადგან ფინანსური კაპიტალიზმი არსებითად დროსა და ღირებულებას შორის გაწყვეტილ ურთიერთობაზეა დაშენებული. “კაპიტალის” პირველივე თავში მარქსი გვიხსნის, რომ ღირებულება დროა, დროის აკუმულაცია ობიექტივიზებული დრო, დრო რომელიც საგნად, საქონლად იქცევა. ის არ წარმოადგენს შრომის დროს, ან დროში შრომას, რომელიც ღირებულებას ქმნის, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ზარმაცი ხარ თუ ბეჯითი. ღირებულებას მნიშვნელოვანწილად გარკვეული საქონლის დასამზადებლად საჭირო საზოგადოებრივად აუცილებელი დრო განსაზღვრავს.